ეკონომიკის სამინისტრო ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას იწყებს

ეკონომიკის სამინისტრო ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას იწყებს. საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად მომზადებული ტექნიკური რეგლამენტი სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ, რომლის მოქმედებაც ვრცელდება 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშოებზე. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, ტექნიკური რეგლამენტი ითვალისწინებს სათამაშოს ბაზარზე განთავსებამდე პროდუქტის შესაბამისობის შეფასებასა და დოკუმენტაციის შედგენას, რომელიც ადასტურებს სათამაშოს უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობას (იგულისხმება სათამაშოების როგორც ქიმიური შემადგენლობა, ისე ფიზიკური მახასიათებლები - რამდენად ბასრია სათამაშო, მცირე ზომისაა და ა.შ.)

მათივე ინფორმაციით, სათამაშოების ზედამხედველობას მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელებენ ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შექმნილი ახალი უწყების - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები. ისინი შეამოწმებენ საქართველოს ბაზარზე განთავსებული სათამაშოების შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან და გასცემენ რეკომენდაციებს, რომელთა შესრულება სავალდებულო იქნება 2021 წლიდან.

სათამაშოების ბაზარზე ზედამხედველობა განხორციელდება დოკუმენტური, ასევე ვიზუალური და ლაბორატორიული შემოწმების გზით.

"დოკუმენტური შემოწმებისას გამყიდველი ვალდებული იქნება წარმოადგინოს სათამაშოს უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი; მწარმოებლის სახელი, სავაჭრო ნიშანი და სახელი და მისამართი; დაკმაყოფილებული სტანდარტების შესახებ მითითებები; წარმოებისას ხარისხის კონტროლში მონაწილე შემფასებელი ორგანოს (მესამე პირი) აღწერა; მოხმარებისას/თამაშისას უსაფრთხოების დაცვის ინსტრუქციები; ტექნიკური დოკუმენტაცია: (მასალების ჩამონათვალი, ხარისხის დაცვის სისტემური შემოწმების და გამოცდების შედეგები); მიკვლევადობის ინფორმაცია; გამაფრთხილებელი მითითებები და ნიშნები.

დოკუმენტური შემოწმების გარდა, მიღებული ინფორმაციის ან რისკის ანალიზის საფუძველზე ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განხორციელდება ვიზუალური და ლაბორატორიული ექსპერტიზაც.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევად რჩება სათამაშოების მექანიკური და ქიმიური შემოწმებისთვის შესაბამისი ლაბორატორიების არარსებობა საქართველოში. ნიმუშების გაგზავნა სააგენტოს მოუწევს უცხოეთის აკრედიტებულ ლაბორატორიებში.

უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში განხორციელდება აღსრულებითი ზომები, რომელთა სიმკაცრე დამოკიდებულია აღმოჩენილი შეუსაბამობით გამოწვეული პოტენციურ საფრთხის ზომაზე და მოიცავს სხვადასხვა სანქციებს, მათ შორის მითითებას, რეალიზაციის შეჩერებას, პროდუქტის ამოღებას, გამოთხოვას, ასევე განადგურებას იმ შემთხვევებში, თუ სათამაშო შეიცავს საშიშ ქიმიურ მინარევებს",-ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება ბაზარზე შემოტანილ მეორად სათამაშოებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საზოგადოების დიდ ნაწილში მიიჩნევა მაღალი ხარისხის პროდუქტად, ასეთ სათამაშოებს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საჭირო დოკუმენტაცია - ეს იქნება შესაბამისობის დეკლარაცია, ლაბორატორიული გამოცდის შედეგები თუ სხვა დოკუმენტები, რომელთა გარეშეც შეუძლებელია სათამაშოს უსაფრთხოების დადასტურება. უწყების ინფორმაციით, შესაბამისად, თუ საქართველოში შემოტანილ მეორად სათამაშოებს თანდართული ექნება სათანადო დოკუმენტაცია, მათი ბაზარზე განთავსება და რეალიზაცია არ შეიზღუდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რაიმე სახის გამონაკლისი მეორადი სათამაშოების მიმართ არ არის დაშვებული ევროკავშირის ბაზარზეც - სათამაშოების უსაფრთხოების დირექტივა ერთიან მოთხოვნებს აყალიბებს ყველა სახის სათამაშოს მიმართ.

იმპორტირებული სათამაშოების ლაბორატორიული შემოწმება, რისკის ანალიზის საფუძველზე შესაძლოა მოხდეს საბაჟო კონტროლის ზონაშიც, მაგრამ მხოლოდ ისეთ პროდუქტებზე, რომელთან დაკავშირებითაც იარსებებს დასაბუთებული ეჭვი.

"კერძო სექტორთან გამართული კონსულტაციების გათვალისწინებით, ბიზნესს მიეცა ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი, რომ მოემზადოს რეგულაციებისთვის. შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში, 2021 წლამდე, სანქციები არ იმოქმედებს - კომპანიებს მიეცემათ მხოლოდ დარღვევების გამოსწორების რეკომენდაციები, რომელთა შესრულებასაც ზედამხედველი ორგანო გარკვეული დროის შემდეგ გადაამოწმებს.

ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო პროდუქციას გააკონტროლებს როგორც იმპორტის, ასევე ბაზარზე განთავსების პროცესშიც. პროდუქციის ბაზრიდან ამოღებისა და განადგურების გარდა, დარღვევებზე ფულადი სანქციებიც დაწესდება, თუმცა, ეს ზომაც 2021 წლიდან ამოქმედდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს