შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და თვითნებურად, ჩადენილი ძალადობით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თბილისში მდებარე ღამის კლუბ ,,შავი ვარდის" მენეჯერია, ამავე კლუბში მყოფ უცხოეთის მოქალაქეებს მომსახურებისთვის იძულების მუქარით, დიდი თანხა - 31 000 ლარი გადაახდევინა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად, ინდოეთის მოქალაქემ, ს.ს.-მ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო. მას სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ს.ს.-ს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა, კლუბში მყოფი უცხოეთის მოქალაქეების სახელზე რეგისტრირებული საბანკო ბარათებიდან თანხის ნაწილი კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით მიითვისა.
ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და თვითნებურად, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი, 360-ე მუხლის მე-2 და 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.