ვასილ ურუშაძე - თითოეულ იმ ადამიანზე, რომელიც დღეს საავტომობილო გზებზე იღუპება, პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას

"პასუხისმგებლობა თითოეულ იმ ადამიანზე, რომელიც დღეს საავტომობილო გზებზე იღუპება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, ეკისრება მთლიანად ხელისუფლებას”, - ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასილ ურუშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ კუთხით ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები არაეფექტიანი აღმოჩნდა.

„ჩვენ გვახსოვს არაერთი ღონისძიება, რომელიც ხელისუფლებამ გაატარა. ჩვენ გვახსოვს ტექინსპექტირების რეფორმა, ე.წ. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანია შსს-ს მხრიდან, რომელიც გულისხმობდა დამატებით ვიდეო კამერების განთავსებას საავტომობილო გზებზე, გვახსოვს ქულთა სისტემა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეზღუდვის გადაწყვეტილება, თუმცა სამწუხაროდ, შედეგი არ გვაქვს. კვლავ იზრდება სტატისტიკა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადამიანის გარდაცვალების ფაქტები, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას აქვს არასწორი პრიორიტეტები და ის, რაც ხდება დღეს საავტომობილო გზებზე არის აღმასრულებელი ხელისუფლების გულგრილი და ზედაპირული დამოკიდებულება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისადმი და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებისადმი, რომელიც უკავშირდება ადამიანის სიცოცხლეს და მის ჯანმრთელობას“ - განაცხადა ურუშაძემ და დასძინა, რომ მთავარი პრობლემა არის ზედაპირულება.

„ჩვენ არ ვიცით რა იწვევს ამ შემთხვევებს იმიტომ, რომ შსს და მთლიანად ხელისუფლება უბრალოდ ახდენს აღწერას ავტოსაგზაო შემთხვევების და ითვლის გარდაცვლილების და დაშავებულების რაოდენობას. ბრალეულობა გამოდის მხოლოდ მძღოლთან მიმართებით და არ ხდება შემთხვევის საფუძვლიანი შესწავლა. თითოეული ავტოსაგზაო შემთხვევა უნდა იყოს მაგალითი, რომ მეორედ მსგავსი რამ არ განმეორდეს. ავტოსაგზაო შემთხვევა შეიძლება იყოს პროვოცირებული სხვადასხვა გამომწვევი ფაქტორებით: ინფრასტრუქტურის გაუმართავობა, ავტომობილების ტექნიკური გაუმართავობა, კლიმატური პირობები, ადამიანური ფაქტორები, მონიტორინგი, აღსრულება და სხვა უამრავი რამ. უნდა იყოს გატარებული ისეთი ღონისძიებები, რომელიც კონკრეტული პრობლემის მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, პირველი რაც უნდა გაკეთდეს არის ის, რომ შეიცვალოს დამოკიდებულება აღმასრულებელი ხელილსუფლების. ასევე, საპატრულო პოლიციამ დაიწყოს თითოეული ავტოსაგზაო შემთხვევის საფუძვლიანი გამოკვლევა და ყველა მაპროვოცირებელი მიზეზის დადგენა. ერთი წლის შემდეგ ჩვენ გვექნება სურათი და საფუძველი იმისა, რომ დავინახოთ რეალური მიზეზები ავტოსაგზაო შემთხვევების და კონკრეტული ღონისძიებები გავატაროთ“,- განაცხადა ვასილ ურუშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა