პროკურორის განმარტებით, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ სოსო ბაჯელიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება, ნიკა მელიას საქმეზე ჩვენების მიცემას არ უკავშირდება

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ნიკა მელიას საქმის პროკურორის დავით ნეფარიძის განცხადებით, ამავე საქმეზე ბრალდებულ სოსო ბაჯელიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება ნიკა მელიას საქმეზე ჩვენების მიცემას არ უკავშირდება. აღნიშნულის შესახებ დავით ნეფარიძემ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა.

როგორც დავით ნეფარიძე აღნიშნავს, სოსო ბაჯელიძეს გირაო მას შემდეგ შეეფარდა, რაც თავისივე ბრალდების საქმეზე აღიარებითი ჩვენება მისცა.

„მოწმემ თავადაც განმარტა, რომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მას შემდეგ შეეცვალა, რაც თავისივე ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე აღიარებითი ჩვენება მისცა. ეს არ უკავშირდება ნიკანორ მელიას ბრალდების საქმეზე ჩვენების მიცემას. მასთან არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა, რომ ამ დაკითხვის შემდეგ გაუფორმდებოდა საპროცესო, ან მიცემულ ჩვენებაზე იყო დამოკიდებული საპროცესო შეთანხმების გაფორმება. მისი ჩვენება სრულად შეესატყვისება საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერებს, ანუ მოწმემ ისაუბრა იმაზე, რაც ხდებოდა რუსთაველის გამზირზე, რაც გადაღებულია და პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მოწმის განმარტებით, დაძაბულობა და პარლამენტის წინ მდგარ პოლიციელებთან შეხლა-შემოხლა იმ განცხადების შემდეგ დაიწყო, რაც ნიკანორ მელიამ გააკეთა. მან განაცხადა, რომ მოქალაქეებს პარლამენტის შენობაში უნდა გადაენაცვლათ მშვიდობიანად იმ ვითარებაში, როცა პარლამენტის შენობა ცოცხალი კორდონით იყო დაცული. ამ მოწოდებიდან რამდენიმე წუთში მასიური შეტევა დაიწყო პარლამენტის შენობის წინ მდგარ პოლიციელებზე პარლამენტის შენობაში შეჭრის მიზნით, რომელ მოქმედებაშიც თავადაც იღებდა მონაწილეობას“, - განაცხადა ნეფარიძემ.

კითხვაზე, იზიარებს თუ არა სახალხო დამცველის რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველმა სასამართლოს რეკომენდაციით მიმართა ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული ანტიკონსტიტუციური შემზღუდავი ღონისძიებები უნდა გაუქმდეს, პროკურორი პასუხობს, რომ ბრალდების მხარე მელიასთვის არა შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებას, არამედ პატიმრობის შეფარდებას 2 ინსტანციის სასამართლოში ითხოვდა.

„ზოგადად, ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს ძალიან მკაფიო მოსაზრება ჰქონდა, რომ მის მიმართ აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო. ამ მოთხოვნით მიმართა გენერალურმა პროკურორმა პირველი ინსტანციის სასამართლოს, იგივე მოთხოვნით მივმართეთ სააპელაციო სასამართლოს. ბრალდების მხარის შეფასებით, მის მიმართ საერთოდ არ უნდა ყოფილიყო გირაო გამოყენებული დამატებითი ღონისძიებების თანხლებით, მხოლოდ და მხოლოდ პატიმრობა უნდა ყოფილიყო, რომელიც მის სათანადო ქცევასა და აღკვეთის ღონისძიების მიზნების შესრულებას უზრუნველყოფდა“, - განაცხადა ნეფარიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა