თბილისის მერიის იურიდიულ კლინიკაში „ჩემი ადვოკატი“ 2019 წლის განმავლობაში 18 000-მდე მომართვა დაფიქსირდა

2019 წლის განმავლობაში, თბილისის მერიის იურიდიულმა კლინიკამ - „ჩემი ადვოკატი“ სამართლებრივი დახმარების მიზნით მოქალაქეებს 17 471 კონსულტაცია გაუწია, რაც წინა წლის კონსულტაციების რაოდენობას 2,6%-ით აღემატება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ცნობით, ორგანიზაცია თბილისის მასშტაბით ყველა რაიონულ გამგეობაშია განაწილებული და მოსახლეობას, საცხოვრებელთან ახლო, უფასო იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს.

„საანგარიშო პერიოდში რაიონული გამგეობების ოფისების მიხედვით, მომართვიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ისანში - 2 693, სამგორში - 2 310 გლდანში -2 113 და ნაძალადევში - 1942. გაწეული კონსულტაციების თემატიკის მიხედვით, მოქალაქეთა ყველაზე მეტი მომართვა სოციალურ საკითხებზე, უძრავი ქონების, სასარჩელო და სახელშეკრულებო დავებზე მოდის. რაც შეეხება ორგანიზაციის დისტანციურ კონსულტაციას, 2019 წლის განმავლობაში ცხელ ხაზზე მომართვიანობამ 9 561 ზარი შეადგინა.

იურიდიულ კლინიკაში, 2019 წელს, პრაქტიკული საგანმანათლებლო კურსი 300-მდე სტუდენტმა გაიარა. ორგანიზაცია ორიენტირებულია სტუდენტების პროფესიაში მაქსიმალურ ინტეგრაციაზე. სტუდენტები პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის დროს, თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში იყენებენ, ერთვებიან მოქალაქეების რეალური პრობლემების გადაწყვეტაში, ადგენენ დოკუმენტებს და ახორციელებენ სასამართლო წარმომადგენლობას. ამ საქმიანობით კი, საადვოკატო გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს იძენენ.

„ჩემი ადვოკატი“ თბილისის მერიის პროექტია, რომელიც თბილისის მოსახლეობას სრულიად უსასყიდლოდ ეხმარება სამართლებრივი საკითხების გადაჭრაში. ორგანიზაცია სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით მუშაობს და მოქალაქეებს დახმარებას უწევს როგორც სასამართლო დოკუმენტაციის შედგენაში, ასევე წარმომადგენლობას უწევს სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო