მიხეილ კალანდიას ადვოკატის განცხადებით, სასამართლოებში ერთი და იგივე ფატალური შედეგის გამომწვევ მოქმედებაზე ორი ადამიანის განსჯა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, დღევანდელი დღე ქართული სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან საქალაქო და უზენაეს სასამართლოებში ერთი და იგივე ფატალური შედეგის გამომწვევ მოქმედებაზე ორი ადამიანის განსჯა მიმდინარეობს.

როგორც პროცესის დაწყებამდე თოდუამ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარია ჭრილობაზე, რომლის მიყენებასაც პროკურატურა ბარბაქაძესაც ედავება და კალანდიასაც.

“დღევანდელი დღე არის ქართული სასამართლოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რამეთუ ერთდროულად უზენაეს სასამართლოსა და საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ერთი და იგივე ფატალური შედეგის გამომწვევ მოქმედებაზე ორი ადამიანის განსჯა. პირველი, ბარბაქაძეს ედავება გენერალური პროკურატურა, რომ მე-11 ჭრილობა მისგან არის მიყენებული, პარალელურად იგივე გენერალური პროკურატურა საქალაქო სასამართლოში გვედავება, რომ ეს ჭრილობა მიყენებულია კალანდიას მიერ. სრულიად არაორდინალური სიტუაციაა, რაც ფაქტობრივად, გამოწვეულია უნიათო გამოძიების შედეგად, მაგრამ ამ ყოველივეს მიზანია, გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე საპროკურორო საბჭოს სხდომა, რომელიც ძალიან მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, რამეთუ პოზიცია, რომელიც ერთი პერიოდი ითხოვდა გენერალური პროკურორის გადაყენებას თანამდებობიდან, დღეს მიესალმება მის დაბრუნებას ისევ თავის პირვანდელ თანამდებობაზე. ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ შემდგარია დიდი გარიგება ამ ძალასა და ხელისუფლებას შორის, რომლებმაც მიაღწიეს სტაბილიზაციას, ოღონდ არ იყოს ბუნტი და ისინი ნებისმიერ განაჩენს დააყენებენ”, - განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან დაკავშირებით საქმის პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ზუსტად არ არის გადაწყვეტილი, რომელი იარაღით რომელი ჭრილობაა მიყენებული. შესაბამისად, ბრალდების დადგენილებაში მე-11 ჭრილობაზე საუბარი არ არის.

“დავით სარალიძის ექსპერტების დასკვნის მიხედვით, მას მიყენებული ჰქონდა 12 ჭრილობა. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზუსტად არ არის გადაწყვეტილი რომელი იარაღით რომელი ჭრილობაა მიყენებული. შესაბამისად, ბრალდების დადგენილებაში მე-11 ჭრილობაზე საუბარი არ არის, თუმცა ჩვენ მისთვის ბრალად გვაქვს წარდგენილი მკვლელობის თანააღსრულებლობა, ანუ მკვლელობა ჯგუფურად”, - აღნიშნა პროკურორმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა