სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის დღეს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აღნიშნავენ და მისი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. საქართველოში 28 იანვარი უკვე მეშვიდედ აღინიშნება.

ღონისძიება სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ გახსნა და მოწვეულ სტუმრებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის დღის მნიშვნელობაზე და საქართველოში ამ მიმართულების გაძლიერების მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე ესაუბრა.

ღონისძიებაზე სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ სოფიო ჯიაძემ პროექტი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩი” წარადგინა, რომლის მიზანი სტუდენტების განვითარების ხელშეწყობა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის 20 ელჩი, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიდან შეირჩნენ, გაივლიან სპეციალურ სასწავლო კურსს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ზამთრის სკოლაში, რომლის შემდგომ თბილისსა და რეგიონებში ცნობიერების ამაღლების კამპანიებში ჩაერთვებიან.

დამსწრე საზოგადოებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელმა სოფიო ჭარელმა გასული წლის მიღწევები და სამომავლო გეგმები გააცნო.

„2020 წელს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ცნობიერების ამაღლების პარალელურად, გააქტიურებს კოორდინაციას საჯარო უწყებებთან და კერძო სექტორთან პრევენციაზე ორიენტირებული პოლიტიკის გაძლიერების მიზნით; გააძლიერებს კომუნიკაციას მათ შიდა და გარე საზედამხედველო ორგანოებთან; პრიორიტეტულად იმუშავებს არასრულწლოვანთა და სენსიტიური მონაცემების დამუშავების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონპროექტის მიღებისა და იმპლემენტაციის საკითებზე. ასევე, სამსახური აქტიური იქნება საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით“, - აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ და უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუდმილა დენისოვამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR (საქართველოში) და ნორვეგიის სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო