სოფო კილაძე - რუსეთმა საქართველოს სასარგებლოდ 10 მლნ ევრო უნდა გადაიხადოს

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა, რომ მორიგ შეხვედრაზე საუბარი იყო რუსეთის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, რასაც სპეციალური რეპორტი მიეძღვნა.

„ეს უკავშირდება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საქმეს. ჩვენ გვქონდა ძალიან მწვავე პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად უნდა მოხვდეს რეპორტში საქართველოს საქმე. კერძოდ, ეს არის „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, რომლის ძირითადი მიმართულებაა დეპორტებული ადამიანების საქმე. სულ მცირე, 1500 ადამიანია დაზარალებული. ეს საქმე საქართველომ მოიგო 2019 წელს. დიდმა პალატამ თქვა, რომ რუსეთმა საქართველოს სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს 10 მლნ ევრო. ეს საქმე აუცილებლად მოხვდება ამ ანგარიშში და ასევე მოხვდება რეზოლუციაში. ვფიქრობ, ყველა ასეთი პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დაზარალებული ქართველების თემა იყოს ყურადღების ცენტრში“, - აღნიშნა სოფო კილაძემ. მისი ინფორმაციით, რუსებს ჰქონდათ მწვავე პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

„ბუნებრივია, ისინი ყველანაირად შეეცდებიან, რომ ეს საქმე არ მოხვდეს ანგარიშში, მაგრამ, კონვენციაც და ყველა სამართლებრივი ინსტრუმენტიც ჩვენს მხარესაა. მთავარია, ჩვენ ვიყოთ აქტიურები და მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ აიძულოს რუსეთი, გადაიხადოს დავალიანება, რომელიც აქვს ამ მოქალაქეების მიმართ“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს