სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებისათვის HACCP-ის აუდიტის ტრენინგი ტარდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებისათვის HACCP-ის აუდიტის ტრენინგი ტარდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

კერძოდ, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებითა და Land O'Lakes Venture37-ის პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში (SQIL)“ ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებს უტარდებათ ტრენინგკურსი თემაზე: „საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპები, გამოყენება და აუდიტი“.

„ტრენინგის მიზანია სააგენტოს ინსპექტორების პროფესიული განვითარება, რათა მათ უფრო ეფექტურად შეაფასონ HACCP_ის სისტემა, განსაზღვრონ მისი დანერგვის შედეგიანობა და საერთაშორისო სტანდარტის (19011) შესაბამისად დაგეგმონ, ჩაატარონ და შეადგინონ აუდიტის ანგარიში.

ტრენინგის საჭიროება დადგა იმ რეგულაციიდან გამომდინარე, რომელიც 2021 წლიდან ამოქმედდება და ითვალისწინებს სურსათის უვნებლობის პროცედურების HACCP-ის სისტემის პრინციპების შესაბამისად დანერგვას ცხოველური წარმოშობის სურსათის საწარმოში. რეგულაციაში ცვლილება 2019 წლის 26 აგვისტოს შევიდა (იხილეთ საქართველოს მთავრობის დადგენილება №409 „ტექნიკური რეგლამენტების - „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა" და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის" დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ http://gov.ge/files/525_73211_835944_409.pdf აღნიშნული წესი ადგენს ზოგად და გამარტივებულ ჰიგიენურ მოთხოვნებს სურსათის/ცხოველის საკვების მიმართ და ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, მათ შორის, პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.

ტრენინგი „საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპები, გამოყენება და აუდიტი“ სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე სპეციალურად სააგენტოს ინსპექტორებისათვის შემუშავდა და სამი დღის განმავლობაში სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება.

ტრენინგს Land O'Lakes Venture 37-ის დაკვეთით ახორციელებენ შპს ISO Consulting-ის შესაბამისი ავტორიზაციის მქონე საერთაშორისო აკრედიტაციის მასერტიფიცირებელი ორგანოს Lloyd's-ის, აგრეთვე სწავლებისა და პროფესიული განვითარების საერთაშორისო ცენტრის iTOL-ის მიერ სერტიფიცირებული ქართველი ტრენერები, რომლებიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ცენტრალური და რეგიონული ოფისების 150-ზე მეტ ისპექტორს გადაამზადებენ. ტრენინგი შემუშავებულია Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებული სატრენინგო პაკეტების ბაზაზე.

5-წლიან პროექტს „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში - საქართველო“ აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებით ახორციელებს Land O’Lakes Venture37-ი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით. პროექტის მიზანია სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება საქართველოს რძისა და ხორცის ინდუსტრიაში“,-აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო