პრეზიდენტი - ჩვენს სამშვიდობო ინიციატივას, ცალმხრივ უარს ძალის გამოყენებაზე სამაგიერო რეაგირება არ მოჰყოლია - ჩვენ პასუხს ვიღებთ ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციით, მუქარითა და ინციდენტებით

ჩვენ ხელს ვუწყობთ ნდობის აღდგენას გაყოფილ საზოგადოებებს შორის, მაგრამ ჩვენს სამშვიდობო ინიციატივას, ჩვენს ცალმხრივ უარს ძალის გამოყენებაზე სამაგიერო რეაგირება არ მოჰყოლია. პირიქით, ჩვენ პასუხს ვიღებთ ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციით, მუქარითა და ინციდენტებით, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, როდესაც ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ თითქმის 12 წელი გავიდა და ჩვენი ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია. მისივე განმარტებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა სავალალოა და მუდმივად უარესდება.

„საოკუპაციო ხაზი მუდმივად იცვლება, ხოლო გამშვები პუნქტები ხშირად დაკეტილია, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას გადაადგილების უფლებას უზღუდავს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ცხინვალის გამშვები პუნქტი სექტემბრიდან დახურულია, რაც ხშირად ადამიანური ტრაგედიით სრულდება - „მაგალითად, ასეთი ტრაგედია იყო მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება". მისი თქმით, ის არ გამოატარეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, რათა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება მიეღო.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენს მოქალაქეებს მუდმივად ეზღუდებათ უფლებები - ჯანდაცვის მომსახურებით სარგებლობა; იკრძალება მშობლიურ ენაზე განათლების მიღება- როგორც ქართულად, ისე - აფხაზურად და ოსურად; მიმდინარეობს რუსიფიკაცია. ასევე, გრძელდება ქართული მოსახლეობის დისკრიმინაცია გალის ტერიტორიაზე, სადაც იგი უმცირესობაშია.

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფლები გაყოფილია; ხშირია მოქალაქეების გატაცება, „გამოსასყიდის“ მოთხოვნა, წამების შემთხვევები და მკვლელობებიც კი არარსებული „საზღვრის“ გადაკვეთისთვის, რომელიც ხან ეზოს, ხან - სოფელს, ხან კი - სასაფლაოებს ყოფს. ბოლო ინციდენტი ცხინვალის რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება იყო. იგი ადგილობრივი პაციენტის დასახმარებლად გადავიდა. ამგვარი ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ ჰუმანიტარულ პრინციპებს და ქმნის საფუძველს შემდგომი ესკალაციისთვის.

მინდა გამოვიყენო დღევანდელი შესაძლებლობა და მადლობა მოვახსენო ყველა საერთაშორისო პარტნიორს, რომელმაც დიდ ძალისხმევა ჩადო ექიმ გაფრინდაშვილის ორთვიანი პატიმრობიდან გათავისუფლებაში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ ადგილზე ვითარების მონიტორინგი შეზღუდულია, ვინაიდან რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიას არ უშვებს. „ეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაა“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, გასული წლის ზაფხულში საქართველომ ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი სახელმწიფოთაშორისი სარჩელი შეიტანა - ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების გამო. მისივე თქმით, დარღვევები შეეხება კონვენციის შვიდ მუხლს და 1 და 4 პროტოკოლების სამ მუხლს.

„ჩვენი მხრივ, საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გახლავთ ჩვენი მიზნის დემონსტრირება - გავაუმჯობესოთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ჩვენ ხელს ვუწყობთ ნდობის აღდგენას გაყოფილ საზოგადოებებს შორის, მაგრამ ჩვენს სამშვიდობო ინიციატივას, ჩვენს ცალმხრივ უარს ძალის გამოყენებაზე სამაგიერო რეაგირება არ მოჰყოლია. პირიქით, ჩვენ პასუხს ვიღებთ ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციით, მუქარითა და ინციდენტებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

იხილეთ ვიდეო: პრეზიდენტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა