მოსამართლის დამოუკიდებლობა და სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის გაზრდა ქვეყნისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ სასამართლო რეფორმის სამი ეტაპი უკვე განახორციელა, ახლა კი პარლამენტი რეფორმის „მეოთხე ტალღაზე“ მუშაობს.
„მოსამართლის დამოუკიდებლობა და სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის გაზრდა ქვეყნისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება. საქართველომ სასამართლო რეფორმის სამი ეტაპი უკვე განახორციელა. ახლა პარლამენტი რეფორმის „მეოთხე ტალღაზე“ მუშაობს. ეს ეტაპი მოიცავს შემდეგ პუნქტებს: მოსამართლეთა დისციპლინარული პასუხისმგებლობის მექანიზმების სრულყოფა: პასუხისმგებლობის ფორმები, პროცესის მიმდინარეობა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სააგენტოს გაძლიერება;
დაგროვილი საქმეების შემცირება;იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა;
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პროცედურების დახვეწა (მოსამართლეთა წარდგენისა და შერჩევის კრიტერიუმები, გამჭვირვალობა). შესაბამისი ცვლილებები საგაზაფხულო სესიაზე იქნება განხილული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე განცხადებით, სასამართლო სისტემის მიმართ კრიტიკა არ ცხრება - „ზოგი სამართლიანი, ზოგი კი - პოლიტიკურად მოტივირებული“.
„თუმცა აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო შეფასებებით უფრო დადებითი სურათი იკვეთება: „ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა“ საქართველოს ევროპულ სასამართლოებს შორის მე-18 ადგილი მიანიჭა. კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, სასამართლოს ეფექტიანობის თვალსაზრისით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა. „გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის“ მიხედვით, საქართველომ საზოგადოების დაცულობის მაჩვენებლით ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-15 ადგილი, ხოლო ორგანიზებული დანაშაულისაგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით - მე-13 პოზიცია დაიკავა.
ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის - Ipsos-ის კვლევის მიხედვით კი, საქართველოს მოსახლეობა ისევე ენდობა ქართულ სასამართლოს, როგორც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების მოქალაქეები - საკუთარი ქვეყნების სასამართლოებს, და ეს ნდობა 51%-ის ფარგლებში მერყეობს. ეს ციფრები თავად მეტყველებს ყველაფერზე“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.