სერგი კაპანაძე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების შეწყვეტაზე - ჩვენ გვყავს კიდევ ერთი მშობელი, რომელსაც შვილი მოუკლეს და ამაზე პასუხი გაცემული არ არის

ნათელია, რომ ხელისუფლებამ ჩაფარცხა ეს საქმე. ჩვენ გვყავს კიდევ ერთი მშობელი, რომელსაც შვილი მოუკლეს და ამაზე პასუხი გაცემული არ არის, - ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ჟურნალისტებთან თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის საკითხს.

კაპანაძე ასევე გამოეხმაურა სუს- ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის და ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებსაც და აღნიშნა, რომ „ყველაფერში ოპოზიციის დადანაშაულება ხავსჩაჭიდებული ხელისუფლების ნარატივია“.

„ამ საქმის შეწყვეტა აბსოლუტურად ცინიკური ნაბიჯია ხელისუფლების მხრიდან იმიტომ, რომ არც ერთ კითხვას პასუხი არ გასცემია. მათ ის შედეგი დააყენეს, რომელიც თავიდანვე იცოდნენ, რომ დადგებოდა. შესაბამისად, გამოვიდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელი დამნაშავე არ არის. ყველა კითხვა, რომელიც აქამდე არსებობდა, მათ შორის, იმ დეტალებთან დაკავშირებით, რა ვითარებაში მოხდა მისი მოკვლა, პასუხგაუცემელია. ნათელია, რომ ხელისუფლებამ ჩაფარცხა ეს საქმე, რაც იმაშიც კარგად გამოჩნდა, რომ მათ უარი თქვეს პარლამენტის ფარგლებში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. ამიტომ ჩვენ გვყავს კიდევ ერთი მშობელი, რომელსაც შვილი მოუკლეს და ამაზე პასუხი გაცემული არ არის.

რაც შეეხება იმ მუქარებს, რომლებსაც გოგაშვილი და სხვები ამ ბოლო საათებში და დღეებში აკეთებენ და შეფასებებს, რომ საუბარია ტერორისტის მკვლელობაზე, ეს არის ამაზრზენი ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან, რომ „შავი პიარის“ და ამ საკითხის პოლიტიზებით გამოიძვრინონ თავი იმ რეალობიდან, რომელშიც არ დადგინდა მოკლული ადამიანის მკვლელი ვინ არის და აღმოჩნდა, რომ არავინ უნდა დაისაჯოს ამის გამო“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს