სალომე ზურაბიშვილი - საქართველომ საკუთარ ტერიტორიაზე თავისი წილი დაძაბულობა, კონფლიქტი და ომი გადაიტანა - ის კი არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ქვეყანამ ჯერ ვერ მიაღწია ყველა მიზანს, უნდა გაგვიკვირდეს, თუ რამდენს მიაღწია ამ პირობებში

დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველომ საკუთარ ტერიტორიაზე თავისი წილი დაძაბულობა, კონფლიქტი და ომი გადაიტანა. ამ კონტექსტში ის კი არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველომ ჯერ ვერ მიაღწია ყველა მიზანს, უნდა გაგვიკვირდეს ის, თუ რამდენს მიაღწია მან ამ პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, გასაოცარია დემოკრატიის ის დონე, რასაც 70- წლიანი საბჭოთა მმართველობის შემდეგ საქართველომ მიაღწია.

„საუკუნეების განმავლობაში საქართველო წარმოადგენდა ევროპის აღმოსავლეთ საზღვარს, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს - აზიასა და ევროპას აკავშირებდა. საუკუნეების განმავლობაში, საქართველო იზიარებდა და იცავდა თავისუფლებისა და შემწყნარებლობის იმავე ღირებულებებს, რომელიც ამ ორგანიზაციის მიზნებს წარმოადგენს.

დამოუკიდებლობის შემდეგ, საქართველომ საკუთარ ტერიტორიაზე თავისი წილი დაძაბულობა, კონფლიქტი, ომი გადაიტანა; დაიძაბა მდგომარეობა ჩვენს რეგიონში; გლობალურმა გამოწვევებმა ჩვენამდეც მოაღწიეს. ამ კონტექსტში ის კი არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველომ ჯერ ვერ მიაღწია ყველა მიზანს, რეფორმების პროცესშია და პროგრესი უნდა გვაჩვენოს, - უნდა გაგვიკვირდეს ის, თუ რამდენს მიაღწია მან ამ პირობებში. გასაოცარია ამ პატარა ქვეყნის მდგრადობა; გასაოცარია დემოკრატიის ის დონე, რაც 70- წლიანი საბჭოთა მმართველობის შემდეგ იქნა მიღწეული; გასაოცარია მისი შესაძლებლობა - ოკუპაციის მიუხედავად, შეინარჩუნოს სტაბილურობა და მშვიდობა; გასაოცარია მისი სწრაფვა დემოკრატიისკენ და ევროპული ღირებულებების დაცვა. საქართველოში ვერ დამკვიდრდა ექსტრემიზმი, გარე მტრებმა იზოლაციაში ვერ მოგვაქციეს”,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, 21-ე საუკუნემ ახალი გამოწვევები წარმოაჩინა, რომლებსაც ვერც ერთი სახელმწიფო მარტო ვერ გაუმკლავდება. ესენია: კლიმატის ცვლილება, ხანდაზმული მოსახლეობა, მიგრაცია, ციფრული რევოლუცია და პოპულიზმი/პოლარიზაცია.

„გამოწვევების დასაძლევად ჩვენ ყველა მრავალმხრივ ფორმატში უნდა გავერთიანდეთ. მთელი ძალისხმევით უნდა განვსაზღვროთ, რა არის გასაკეთებელი. უნდა დავდოთ პირობა, რომ მხოლოდ დიალოგით გადავწყვეტთ მათი გადაჭრის გზებს. უნდა ვუზრუნველყოთ, რომ ყველა ჩვენი გადაწყვეტილება და ქმედება დაეფუძნოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს. თითოეული ჩვენგანის მიზანდასახულობა გააძლიერებს ევროპის საბჭოს, ეფექტიანს გახდის მის ინსტიტუტებს და წარმატებას მოუტანს მის წევრებს”,-აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო