პენტაგონის ინფორმაციით, 8 იანვარს ირანის მიერ ერაყში განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 50-მა ამერიკელმა ჯარისკაცმა თავის ტვინის ტრავმული დაზიანება მიიღო. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა, ტომას კემპბელმა განაცხადა.
მისი თქმით, 31 მათგანს მკურნალობა უკვე ჩაუტარდა და დაუბრუნდა მოვალეობის შესრულებას, ხოლო 18 მათგანი დამატებითი კვლევებისა და მკურნალობისთვის გერმანიაში გაგზავნეს.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 35 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა, რომელთაც მისი თქმით, „თავი და კიდევ რაღაცები სტკიოდათ“.
ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე თავდასხმა, გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ განახორციელა. სოლეიმანი იანვრის დასაწყისში, ბაღდადის აეროპორტში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის დროს მოკლეს.