ლევან ბოძაშვილი - ვერავის დავეთანხმები, ვისაც ლავროვის ქვეყანაში შემოშვებაზე პოზიტიური პოზიცია აქვს, თუნდაც ეს იყოს ყოფილი თუ მოქმედი პრეზიდენტი

ვერავის პოზიციას ვერ გავიზიარებ, ვისაც ლავროვის ქვეყანაში შემოშვებაზე პოზიტიური დამოკიდებულება აქვს, თუნდაც ეს ყოფილი ან მოქმედი პრეზიდენტი იყოს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილე, ლევან ბოძაშვილმა განუცხადა, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ საქართველო მზადაა უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროპის საბჭოს მინისტერიალზე, რომელიც მაისში, თბილისში გაიმართება.

ბოძაშვილი რამდენიმე მიზეზს ასახელებს, რის გამოც საქართველომ რუსეთის დელეგაციის მასპინძლობაზე უარი უნდა თქვას.

„ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი - რა საერთაშორისო დონის ღონისძიებაც არ უნდა ტარდებოდეს, ოკუპანტი არის ოკუპანტი და სწორედ იმ ორგანიზაციაში უნდა იცოდნენ საქართველოს შეურიგებელი პოზიცია, ვისი ღონისძიების ფარგლებშიც ტარდება ის.

მეორე - ჯერ არ ყოფილა საერთაშორისო ურთიერთობებში მაგალითი, ქვეყანას ოკუპანტი საკუთარ კანონმდებლობაზე წინ დაეყენებინა, პირიქით კი ნამდვილად ხდება.

მესამე - როდესაც შემრიგებლური პოზიცია გაქვს აგრესორის მიმართ, რომლის ვიზიტი სხვა არაფერი იქნება თუ არა რუსული პროპაგანდის განხორციელება და ხალხის კიდევ ერთხელ მოტყუების მცდელობა, ვიზიტს რასაც არაფერი კარგი არ მოჰყვება, აზრი არ აქვს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ასეთი შემრიგებლური პოზიციის მერე კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ჩვენი დიპლომატია პარტნიორებთან ოკუპაციაზე საუბრისას. ამიტომაც, არც საერთაშორისო სამართალზე აპელირება და არც პრესტიჟის დაკარგვაზე, არ არის საფუძვლიანი. რუსეთი ოკუპაციით სწორედაც რომ საერთაშორისო სამართლის 10 პრინციპიდან როგორც მინიმუმ 9-ს არღვევს და ეს მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ იცის“, - აღნიშნა ბოძაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა