კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე განსათავსებელ სკამების შესყიდვაზე - არ ენდოთ მატყუარა, ცილისმწამებელ ოპოზიციის წარმომადგენლებს

არ ენდოთ მატყუარა, ცილისმწამებელ ოპოზიციის წარმომადგენლებს, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე განსათავსებელი სკამების შესყიდვასთან დაკავშირუბული დეტალებით დაინტერესდნენ. როგორც კახა კალაძემ განმარტა, ტენდერის პირობებში ცვლილებები შევიდა, რის გამოც, ახალი ტენდერი უნდა გამოცხადდეს.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას, რომ ტენდერი კონკრეტულ პირზე, ქუთაისის მერის მოადგილის კომპანიაზეა მორგებული, კალაძემ აღნიშნა, რომ „ეს სისულელეა“.

„ვაკეში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ ძალიან მაღალი ხარისხის, საზოგადოებისთვის აუცილებელი თუნდაც სკამები იყოს შეძენილი, ტენდერში გარკვეული დამატებები იქნება ანტივანდალიზმთან დაკავშირებით, რადგან ახლადგანხორციელებული პროექტები ზიანდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და ყველა ჩვენს მიერ შეძენილი მასალა თუ პროექტი, იქნება ხარისხიანი. სისულელეა ეს ყველაფერი, რასაც ოპოზიცია ამბობს. შეწყვეტილია ტენდერი და როგორ მონაწილეობს ერთი პირი? ახალი ტენდერი არ არის გამოცხადებული. ხომ ხედავთ, თქვენც შეყავხართ შეცდომაში, ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება ჩვენს პრესსამსახურთან ასეთი ინფორმაციები გადაამოწმოთ ხოლმე. არ ენდოთ მატყუარა, ცილისმწამებელ ოპოზიციის წარმომადგენლებს“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ე.წ. სკამების ტენდერში მერიამ გარკვეული ცვლილებები შეიტანა, რის გამოც გამოცხადებული ტენდერი შეწყდა. მანამდე, გასული წლის დეკემბრის ბოლოს, აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებით საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება დაარეგისტრირა, რითაც ითხოვდა მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერებით გამოძიება დაინტერესებულიყო. როგორც ხაბეიშვილი აცხადებდა, ერთ ცალ სკამში კალაძე 12 000 ლარს გადაიხდის და ეს ტენდერი მთლიანად უკვე მორგებულია იტალიურ კომპანიაზე, რადგან სატენდერო დოკუმენტაციაში თანდართული ფოტოები აღებულია იტალიური კომპანიის საიტიდან და ამ კომპანიის ექსკლუზივია.

ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
ქართული პრესის მიმოხილვა 03.03.2021
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან