ამირან გამყრელიძე - ჩინეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს ტემპერატურა აღარ უფიქსირდებათ, ახალი კორონავირუსის შემოტანის საშიშროება არ უნდა იყოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთის ორ მოქალაქეს, რომელსაც ექიმები ბათუმში აკვირდებოდნენ, დღეს ტემპერატურა არ დაუფიქსირდათ და თავს კარგად გრძნობენ. როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მათთან დაკავშირებით, არავითარი საშიშროება ახალი კორონავირუსის შემოტანის არ უნდა იყოს.

„მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ისინი საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულები არიან 26 იანვარს და მოგზაურობენ. ბათუმში გუშინ სასტუმროში განთავსებისას, რეგისტრაციისას შეამჩნიეს, რომ ვერ იყო ერთ-ერთი სტუმარი კარგად, შესთავაზეს მას სიცხის გაზომვა და 37 გრადუსი ჰქონდა. რადგან ისინი ჩინეთიდან იყვნენ, მოგვაწოდეს ინფორმაცია ჩვენ და საგანგებო დახმარების სამსახურს. გუშინვე ნახეს ჩვენებმა და საგანგებომ ერთად. არანაირი კლინიკური ნიშანი, გარდა 37 გრადუსი სიცხისა არ ყოფილა, არც ხველა, არც სუნთქვის გაძნელება. ერთადერთი ის იყო, რომ ისინი იყვნენ პროვინციიდან, რომელიც მომიჯნავეა იმ პროვინციასთან, რომელიც დღეს დაზიანებულია. ამიტომაც, ჩაითვალა მიზანშეწონილად დღეს კიდევ გაეკონტროლებინათ და აიღეს ნაცხიც შემდგომი კვლევისთვის. კვლევის პასუხი ხვალ იქნება. განმეორებითი გასინჯვის შემდეგ დღეს სიცხე არცერთს არ დაუფიქსირდა, თავს კარგად გრძნობენ და არავითარი საშიშროება ახალი კორონავირუსის შემოტანის არ უნდა იყოს. ისინი მოგზაურობენ საქართველოში და სადაც გადაადგილდებიან, ჩვენი სამსახურები ყველგან აკვირდებიან და ექნებათ მათთან კონტაქტი.

გარდა ამისა, ექიმების დაკვირვების ქვეშ იყო ერთი ბავშვი, ჩინეთიდან შემოსული მოქალაქის შვილი, რომელსაც დაუდასტურდა B გრიპის ვირუსი და არა კორონავირუსი. ის თბილისში ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში კორონავირუსის ინფექცია გამოვლინდება, ქვეყანა მზად არის, პაციენტებს იმ მეთოდებით უმკურნალოს, რითაც მსოფლიოს სხვა ქვეყნები მკურნალობენ. თუმცა, გამყრელიძე განმარტავს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ არც ვაქცინა და არც მკურნალობის ზუსტი მეთოდი ჯერჯერობით არ არსებობს.

„საფრთხის ქვეშ დღეს არის ყველა ქვეყანა. დღევანდელი მონაცემებით, ჩინეთიდან ექსპორტირებულია ვირუსი 16 ქვეყანაში და ეს მცირე რაოდენობაა, სულ 78 შემთხვევაა. დანარჩენი, 6 ათასამდე დადასტურებული შემთხვევა, 97-98% აქვს ჩინეთს და მისი უმრავლესობა ქალაქ უხანშია.

ჩვენთან თუ დაფიქსირდა ვირუსის შემთხვევა, გვაქვს გამოყოფილი 4 ინფექციური საავადმყოფო, სადაც სპეციალური განყოფილებებია. რაც შეეხება მათ მკურნალობას, მისი სპეციფიური მეთოდი არ არსებობს, არც პროფილაქტიკის ვაქცინის საშუალებით, რაზე საუბარიც ნაადრევია. თუ ეს შეიქმნა, 1 წელი, წელიწადნახევარი მაინც დასჭირდება. შტამი რამდენიმე ქვეყანას აქვს გაშიფრული, მაგრამ ვაქცინის დამზადება არ არის მარტივი და გამოცდის ხანგრძლივ პროცესს გადის. ამიტომ ეს არ არის უახლოესი დროის საგანი. თავად ჩინელები აწარმოებენ შიდსის პრეპარატებით ამ ავადმყოფების მკურნალობაზე დაკვირვებას, მაგრამ შედეგი ჯერჯერობით არ არის. ამიტომ მკურნალობა მიმდინარეობს სიმპტომური პრეპარატებით, რაც ჩვენც ვიცით და გვაქვს. ჩვენი სამკურნალო სექტორი მზად არის ამ ადამიანებს უმკურნალოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატიორიაში მუშაობენ იმისთვის, რომ კორონავირუსის გამოვლენის და დიაგნოსტიკის საშუალება საქართველოსაც ჰქონდეს.

„მომდევნო კვირას, ორშაბათს ან სამშაბათს ლუგარის ლაბორატორიაში იქნება ამ ახალი კორონავირუსის პრაიმერიც. 3-4 წყაროზე ვმუშაობთ, რომ თბილისში გვქონდეს ამ ვირუსის დიაგნოსტიკის საშუალება. დღეს ვირუსის გამოვლენა მხოლოდ გამორიცხვის საშუალებით შეგვიძლია“, - განაცხადა გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა