ელჩი - მთავრობა მუშაობს უხანიდან საქართველოს ხუთი მოქალაქის ევაკუაციის გეგმაზე, რომელიც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის წესების დაცვით განხორციელდება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის არჩილ კალანდიას განცხადებით, საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მიმდინარეობს იმ მექანიზმის ჩამოყალიბება, თუ როგორ მოახერხოს საქართველოს მთავრობამ, ჩინეთის ქალაქ უხანიდან საქართველოს 5 მოქალაქის ევაკუაცია.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ჩინეთში საქართველოს ელჩმა განმარტა, მათი უხანიდან ევაკუაცია, ყველა უსაფრთხოების, საერთაშორისო ნორმებისა და ჯანდაცვის ორგანიზაციის მითითებების დაცვით უნდა მოხდეს.

„საქართველოს 5 მოქალაქე არის ჩინეთში, უხანში - იმ ქალაქში, რომელიც არის კორონავირუსით ინფიცირების წყარო. სხვა მოქალაქეები სხვადასხვა უბანში არიან. აქ მხოლოდ 5 ადამიანზეა საუბარი. საქართველოს მთავრობა მუშაობს ამ ხუთი ჩვენი თანამემამულის ევაკუაციის გეგმაზე. ამჟამად დგინდება ის მექანიზმები, თუ როგორ მოვახდინოთ საჭიროების შემთხვევაში, ამ ადამიანების ევაკუაცია. როგორც კი შესაბამისი გეგმა, მექანიზმი ჩამოყალიბდება, რომელიც ხორციელდება ჩვენს მეზობელ პარტნიორებთან ერთად, მათთან კოორდინაციით, ჩვენ ამ გეგმას ვაცნობებთ ჩვენს თანამოქალაქეებს თუ რა პირობით იქნებიან ისინი ევაკუირებულები და მათი თანხმობის შემთხვევაში, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის წესების დაცვით, განხორციელდება მათი ევაკუაცია უკან“, - განმარტა არჩილ კალანდიამ „ინტერპრესნიუსთან“.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კორონავირუსით, საქართველოს არცერთი მოქალაქე არ არის ინფიცირებული.

„ჩვენ 24 საათიან რეჟიმში გვაქვს მათთან კონტაქტი. როგორც უხანში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებთან, ისე, მთელი ჩინეთის მასშტაბით, სხვა ჩვენს თანამემამულეებთან. ჩვენ მათთან მუდმივ კავშირზე ვართ მას შემდეგ, რაც ამ ვირუსმა დაიწყო გავრცელება და საბედნიეროდ, არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და იმედი გვაქვს, არც დაფიქსირდება“, - განაცხადა ჩინეთში საქართველოს ელჩმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა