ლევან დავითაშვილი დონორთა ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დონორთა ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში, მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სადაც დიპლომატიური კორპუსისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.

ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა დონორებს განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ მიუხედავად მძიმე მემკვიდრეობისა, ბოლო წლების განმავლობაში სახელმწოფოსა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოს დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა და პოზიტიური შედეგები არსებობს.

„ტყესა და ტყის რესურსს საქართველოსთვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ეკონომიკური, ისე ეკოლოგიური თვალსაზრისით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ტყის მდგრადი მართვის უზრუნველყოფისთვის. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) აქტიური მხარდაჭერით შევიმუშავეთ ტყის ახალი კოდექსის კანონპროექტი, რომელიც ტყის მდგრადი მართვის პრინციპების შესაბამისად, ქმნის სამართლებრივ საფუძველს ტყის მართვის პრაქტიკის მოდერნიზებისთვის. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები ტყის აღდგენა-გაშენების, განახლების და ტყითსარგებლობის კუთხით. საერთაშორისო ვალდებულების შესაბამისად, აქტიურად ვმუშაობთ კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის, სასათბურე აირების ემისიების შემცირებაზე.

მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ხელშეწყობისთვის. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სოფლად ადგილობრივი თემების განვითარების და ექსტენციის სამსახურების გაძლიერების მიმართულებით. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა მელიორაციის კუთხით. მალე დასრულდება მუშაობა მიწის რეფორმაზე. შემუშავდა მიწასთან დაკავშირებული კანონმდებლობა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა როგორც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, ისე გარემოს დაცვის მიმართულებით და ვფიქრობ, დონორების მხარდაჭერით, შედეგები კიდევ უფრო ხელშესახები და მასშტაბური იქნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ღონისძიებაში საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა