ნათია თურნავას განცხადებით, „ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ეკონომიკის  სამინისტროსთვის სანებართვო პროცესის დაწყების მიზნით განახლებული პროექტით არ მიუმართავს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, „ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ სამინისტროსთვის სანებართვო პროცესის დაწყების მიზნით განახლებული პროექტით არ მიუმართავს. ამის შესახებ თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ სამინისტროს მიმართავს, მის პროექტს უწყება დეტალურად გაეცნობა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ხშირი შეხვედრა ჩვენი მოქმედი პორტების ხელმძღვანელებთან, ტოპ-მენეჯმენტთან, ინვესტორებთან, მათ შორის „ეიპიემ ტერმინალსთან“ არაერთი შეხვედრა გვქონია ფოთის პორტთან დაკავშირებულ სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე. საზოგადოებისთვის ცნობილია მათი სურვილი, განახორციელონ ახალი პორტის პროექტი მოქმედი პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფოთის პორტის გაფართოების და დაღრმავების პროექტი. თქვენ იცით, რომ სამინისტროში სანებართვო პროცესის დაწყების მიზნით შემოტანილი ჰქონდათ პროექტი, თუმცა, იმ ეტაპზე, ვინაიდან იყო გარკვეული ტექნიკური ხარვეზები, ჩვენი მხრიდან არამიზნობრივად ჩაითვალა ამ პროცესის გაგრძელება. ამ პროცესის განახლების თაობაზე ჩვენთვის ჯერჯერობით არ მოუმართავთ. თუკი მოგვმართავენ, დეტალურად გავეცნობით რამდენად დაცულია ყველა პროცედურა და რას წარმოადგენს ეს პროექტი, თუმცა მათი სურვილის შესახებ ჩვენთვის ცნობილია.

ჩვენთვის უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ საქართველოს შავი ზღვისპირეთი და საპორტო ინფრასტრუქტურა მოითხოვს ნამდვილად განვითარებას. საქართველოს უკვე დიდი ხანია სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და ამაზე მეტყველებს თუნდაც ბოლოდროინდელი ტვირთების სტატისტიკა. იმიტომ, რომ დღევანდელი ჩვენი პორტები ვეღარ აუდიან ტვირთებს, რაც ძალიან კარგია და მეტყველებს ჩვენი დერეფნის, ე.წ. შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე და ჩვენი ლოგისტიკური პოლიტიკის ეფექტურობაზე“, - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, სამინისტროსთვის პრიორიტეტად ისევ ანაკლიის პორტი რჩება.

„თქვენ იცით, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამზადებს ახალ ტენდერს, ამასთან, რამდენადაც ვიცი ევროპის განვითარები და რეკონსტრუქციის ბანკმა გამოთქვა სურვილი, რომ ტენდერი მათი ეგიდით ჩატარდეს და თავიდანვე მიიღონ მონაწილეობა მის მომზადებაში. ასევე მოვისმინე განცხადება ანაკლიის ყოფილი ინვესტორის მხრიდან გაკეთებული, რომ თითქოსდა საქართველოს არ სჭირდება ერთზე მეტი ღრმაწყლოვანი პორტი. ზოგადად, მათი განცხადება ჩემთვის არ არის დამაჯერებელი, რადგან ის ერთიც ვერ ააშენეს, რაც ევალებოდათ. აქედან გამომდინარე, ამას განსაზღვრავს ბიზნესი და ველოდებით რა პროექტები იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა თურნავამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა