მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, დღეს დაიკითხა ილია ჯიშკარიანის ბიუროს უფროსი, რომელმაც „თამთა თოდაძის ხასიათსა და მის კონფლიქტურობას" გაუსვა ხაზი

თბილისის საკრებულოს ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, დღეს დაიკითხა ბიუროს უფროსი, რომელმაც „თამთა თოდაძის ხასიათსა და მის კონფლიქტურობას" გაუსვა ხაზი.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბიუროში თოდაძეს კონტრაქტი მისივე თხოვნით გაუგრძელეს.

„დაიკითხა ილია ჯიშკარიანის ბიუროში დასაქმებული პირი, კერძოდ ბიუროს უფროსი, რომელიც გამოკითხული იყო ბრალდების მხარის მიერ წინასწარი გამოძიების დროს. მან დაადასტურა ის გარემოებები, რომელზეც დაცვის მხარე აპელირებს. დაადასტურა ის ჩვენება, რაც მას წინასწარი გამოძიების დროს ჰქონდა მიცემული და ასევე ხაზი გაუსვა თამთა თოდაძის ხასიათს, მის კონფლიქტურობას, რომ წარსულში ყოველთვის თანამშრომლებთან ჰქონდა აფექტური, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებები, თუმცა სწორედ მისი თხოვნით გაუგრძელდა მას კონტრაქტი, ვინაიდან მას იგი ეცოდებოდა. თუ რატომ ეცოდებოდა, ამას მედიაში ვერ გავაჟღერებ, ეს გახლავთ მისი პერსონალური მონაცემები და შეგიძლიათ, მას ჰკითხოთ“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

თოდაძის ადვოკატის, თამარ ლუკავას განცხადებით, დღეს დაკითხულ მოწმეს ჯიშკარიანთან 30-წლიანი მეგობრობა აკავშირების, შესაბამისად, მის მიერ მიცემული ჩვენება სანდოდ ვერ ჩაითვლება.

„დღეს დაიკითხა ბიუროს ხელმძღვანელი მოწმის სახით, რომელმაც თავადვე აღნიშნა, რომ მას აქვს 30-წლიანი მეგობრობა ილია ჯიშკარიანთან და მის ოჯახთან, ასევე, მის ცოლთან, შესაბამისად, მის მიერ მიცემული ჩვენება ჩემთვის ნაკლებად სანდოა, ვინაიდან იგი არის ახლო ურთიერთობაში ილია ჯიშკარიანთან და მის ოჯახთან და ასევე, მისი სამსახურის ბედი არის დამოკიდებული ილია ჯიშკარიანის გამართლებაზე. იმ შემთხვევაში თუ მაჟორიტარის გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, მისი უფლებამოსილება წყდება, შესაბამისად, ბიუროც აჩერებს მუშაობას. აბსოლუტურად ბმაში არის ამ ქალბატონის სამსახური, ილია ჯიშკარიანის გამართლებასთან. შესაბამისად, მის მიერ მიცემული ჩვენება ჩემთვის არ არის სანდო და არც საზოგადოებისთვის უნდა იყოს სანდო. ვფიქრობ, რომ სასამართლო გაითვალისწინებს ამ ფაქტობრივ გარემოებას, იმას, რომ პირველ რიგში, ოჯახური ახლომეგობრული დამოკიდებულება აქვს ამ ქალბატონს ჯიშკარიანთან და ასევე, მისი სამსახურის მომავალიც დამოკიდებულია ჯიშკარიანის თავისუფლებაზე”, - განაცხადა ადვოკატმა.

საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 5 თებერვალს გაიმართება.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამას გარდა, მას აეკრძალა თანმშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს