ჩვენი წამოსვლის შემდგომ, ახალი საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესა და ვიცე - სპიკერს პირველივე შეხვედრები ჰქონდათ კონგრესში, მათ შორის იმ პირებთან, რომლებიც ამ წერილების გამოგზავნას აგრძელებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ კრიტიკა ინფორმაციული ვაკუუმის კი არა, არამედ არასწორი პოლიტიკის შედეგია, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სენატორების მიერ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილს. ჩუგოშვილის თქმით, ხელისუფლება ამ წერილებს სრული სერიოზულობით უნდა მოეკიდოს.
ჩუგოშვილი ასევე გამოეხმაურა კონგრესმენებისა და სენატორების წერილებზე ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. მისი თქმით, უმრავლესობის წევრების კომენტარები საქმეს აფუჭებს.
„ეს წერილი, ისევე, როგორც კონგრესის ქვედა პალატიდან 4 კონგრესმენის ხელმოწერილი წერილი, ის მომართვებია, რომელიც სრული სერიოზულობით უნდა აღვიქვათ. ამჯერად ეს სენატორები არიან საგარეო კომიტეტის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები. რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ჩვენი წამოსვლის შემდგომ, ახალი საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის და ვიცე - სპიკერის პირველივე ვიზიტები სწორედ ვაშინგტონში დაიგეგმა. შეხვედრები იყო კონგრესში, მათ შორის იმ პირებთან, რომლებიც ამ წერილების გზავნას აგრძელებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს კრიტიკა ინფორმაციული ვაკუუმის კი არა, არამედ არასწორი პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს. ამიტომ სერიოზულობით უნდა მივიღოთ როგორც ქვედა, ასევე ზედა პალატის კომიტეტების წერილები, მითუმეტეს, როდესაც საფრთხე ექმნება აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას.
არაერთხელ ვთქვი, რომ ეს კომენტარები საქმეს აფუჭებს. არაერთხელ ვთქვი, თუ უმრავლესობის წევრები გააგრძელებენ იმ კომენტარების გაკეთებას, რაც ისმის, ეს აშშ-ის პოლიტიკოსებს უბიძგებს, უფრო და უფრო უარესი წერილები მოიწერონ. ამიტომ რაც უფრო მალე შეცვლიან ამ არასწორ მესიჯ-ბოქსს, მით მალე მოვიშორებთ იმ პრობლემას, რომლის წინაშეც ვდგავართ“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, იმის გაჟღერება, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება კონგრესმენებისა და სენატორების წერილებზე უპირატესია, არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს. ჩუგოშვილის თქმით, როგორც ჩანს მის კოლეგებს საერთოდ არ ესმით, რაზე საუბრობენ.
„რაც შეეხება განცხადებას, რომ საკანონმდებლო შტოდან წამოსულ განცხადებებს ნუ კითხულობთ და იკითხეთ მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან წამოსული, ეს არის უკიდურესად არაკომპეტენტური ადამიანის ნათქვამი. არ შეიძლება ამის თქმა, თუ ოდნავ მაინც იცნობ შენს სტრატეგიულ პარტნიორს. საქართველოსგან განსხვავებით, ამერიკაში მართლაც გამიჯნულია პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება. იქაური საკანონმდებლო შტო აღმასრულებელზე ძლიერია. მეორე - პოლიტიკოსები პირდაპირ ამბობენ იმას, რასაც დიპლომატები ამბობენ ფრთხილად. აღმასრულებელ შტოს კი დიპლომატები წარმოადგენენ და ეს გასათვალისწინებელია. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა იგივე თქვას, რასაც ამბობენ სენატორები და კონგრესმენები. იგივე რომ თქვას, საქართველო დარჩენილია დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე. იმედი მაქვს, ამას არ ელოდებიან ჩემი კოლეგები, რომლებსაც, როგორც ჩანს, საერთოდ არ ესმით, რაზე საუბრობენ,"- განაცხადა ჩუგოშვილმა.