ადვოკატი - საქმე, რომელიც წარდგენილია დამენია, გვარამია, იაშვილის წინააღმდეგ არის პროკურატურის სურვილების საქმე

დღეს მოვისმინეთ პროკურორის შესავალი სიტყვა, რომელიც გაჯერებული იყო ტყუილებით და ფანტაზიით და არავითარი კავშირი საქმეში წარმოდგენილ კონკრეტულ მტკიცებულებებთან არ ჰქონდა, - ამის შესახებ ნიკა გვარამიას საქმის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, “წმინდა წყლის ლეგალური, სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობები პროკურატურის მხრიდან დანაშაულად არის შეფასებული”.

„ეს საქმე, რომელიც წარდგენილია დამენია, გვარამია, იაშვილის წინააღმდეგ არის პროკურატურის სურვილების საქმე და არ არის რეალურ მტკიცებულებებზე დაყრდნობილი საქმე. ეს საქმე, ამავე სასამართლოშიც კი მარგინალიზდება და ამავე სასამართლოშიც კი, ამ საქმის გამოკვლევის დროს საზოგადოებისთვის ნათელი გახდება, რომ არანაირ კრიმინალურ ქმედებას ადგილი არ ჰქონია და წმინდა წყლის ლეგალური, სამოქალაქო, სამართლებრივი ურთიერთობები პროკურატურის მხრიდან დანაშაულად არის შეფასებული”,- განაცხადა ბასილაიამ.

კითხვაზე, თუ რა მტკიცებულებებს ეყრდნობა ბრალდების მხარე, ბასილაიამ ასე უპასუხა:

“პროკურატურის მარცხენა ხელია აუდიტის სამსახური, რომელსაც, რასაც დაუკვეთავენ, იმას უწერენ. აუდიტის სამსახურის რევიზორები არიან პროკურატურის შტატგარეშე თანამშრომლები და ამ ადამიანების მიერ დაწერილ მოსაზრებებს ეყრდნობა მთელი ბრალდების დადგენილება”,- აღნიშნა ბასილაიამ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.

კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა