ირაკლი ჩიმაკაძე - ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის დაგეგმვის საქმის მოტივთან დაკავშირებით გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის, ირაკლი ჩიმაკაძის განცხადებით, არაა გამორიცხული, რომ ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის მცდელობის საქმეზე უკრაინაშიც მოხდეს ვინმეს დაკავება.

როგორც ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემა „დღის თემაში“ ჩიმაკაძემ განაცხადა, მოტივი, თუ რის საფუძველზე შეუკვეთეს ძმების მკვლელობა, ჯერჯერობით უცნობია.

„ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია მოტივებზე და ა.შ. თუ ვისგან მოდის დაკვეთა და რის საფუძველზე, რა მოტივით ცდილობდა, ვთქვათ, შურისძიებას. ინტენსიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინაშიც მოუწიოთ დაკავება, ამ ეტაპზე ჩვენ საქართველოში საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი დაკავებული გვყავს. ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ დამატებით გამოვავლინოთ პირები, რომლებიც, შესაძლოა, დაკავშირებული ყოფილიყვნენ ამ სისხლის სამართლის საქმესთან“,- განაცხადა ჩიმაკაძემ.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ შესალებელია ფეიქრიშვილების მკვლელობის მცდელობა 2016 წელს ვაკეში მოკლული სოსო ჯოხაძის საქმეს უკავშირდებოდეს, ჩიმაკაძე აცხადებს, რომ „გამოძიება ბევრ ვერსიაზე მუშაობს“.

„ვერაფერს გეტყვით, იმიტომ რომ გამოძიება ძალიან ბევრ ვერსიაზე მუშაობს, არაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული პასუხის გაცემა არ შეგვიძლია“,- განაცხადა ჩიმაკაძემ.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, თბილისში დაგეგმილი აფეთქებით ორი პირის შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს. როგორც დღეს, სუს-ში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, საქმეზე დაკავებულია საქართველოს 6 და უკრაინის 1 მოქალაქე.

ინფორმაციისთვის, გიორგი ფეიქრიშვილი 2016 წელს იარაღის უკანონოდ ფლობის გამო იყო დაკავებული. მისი დაკავება ვაკეში, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, გია ჯოხაძის ძმის, სოსო ჯოხაძის მკვლელობას დაემთხვა.

გიორგი ფეიქრიშვილმა დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ ჯოხაძის მკვლელობის შემდეგ მის სახლთან მუდმივად იდგნენ პოლიციის მანქანები, თუმცა, მკვლელობასთან კავშირს ის კატეგორიულად უარყოფდა.

ცნობისთვის, AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ტყუპი ძმა და ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებული ბადრი (ბადუკა) ნათობაძე ახლო მეგობრები იყვნენ და არსებული ინფორმაციით, ფეიქრიშვილებსა და ჯოხაძეებს დაპირისპირებაც ჰქონდათ.

რაც შეეხება დავით ფეიქრიშვილს, მისი სახელი ფიგურირებს ე.წ მაზავშიკების საქმეში, რა დროსაც დავით გაგნიძე, გიორგი დემეტრაძე და კახა მისირელი დააკავეს.

იხილეთ ვიდეო: ძმები ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე, შესაძლოა, სხვა პირები უკრაინაშიც დააკავონ - სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო