რუსთავში არსებული პრობლემების შესწავლის მიზნით რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მუნიციპალურ პრობლემატიკაზე შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა

რუსთავში არსებული პრობლემების შესწავლისა და მოგვარების მიზნით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მუნიციპალურ პრობლემატიკაზე შექმნილმა ინტერუწყებრივმა სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ხელმძღვანელობს, პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

როგორც გაბუნიამ შეხვედრაზე აღნიშნა, შეხვედრის მსგავსი ფორმატი ახალი და საჭიროა. მისივე თქმით, სამუშაო მხოლოდ დღევანდელი სხდომით არ დასრულდება და ეს არ იქნება მხოლოდ ერთი მუნიციპალიტეტის საკითხი. ჯგუფი დარგობრივი საჭიროებების მიხედვით, სხვა ქალაქების თაობაზეც გააგრძელებს მუშაობას.

„არჩეულებსაც და დანიშნულებსაც გვმართებს უფრო მეტი და სათანადო ძალისხმევა გამოვავლინოთ, პრობლემებს ჩავხედოთ თვალებში, გამოვიჩინოთ პროფესიონალიზმი, რათა დავსახოთ სწორი გეგმა პრობლემების გადასაჭრელად და გვეყოს ძალა საქმის ბოლომდე მისაყვანად. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ კომიტეტის შესაძლებლობები ხალხის წინაშე არსებული პრობლემების დასაძლევად და ხალხის მხარდასაჭერად, იმისთვის, რომ ბოლომდე ავამუშავოთ ყველა პოლიტიკური ბერკეტი და შესაძლებლობა ხალხის დასახმარებლად. ჩვენი მოქალაქეები კი სწორედ მუნიციპალიტეტებში ცხოვრობენ და სწორი მუნიციპალური პოლიტიკით სწორედ მოსახლეობას გამოვუცხადებთ მხარდაჭერას“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, „პრობლემების სპექტრი ფართოა და შეუძლებელია მათი ერთიანად, სწრაფად, სრულად ამოწურვა და მოგვარება“.

„მუშაობის ეს ფორმატი, როდესაც პრაქტიკულად ყველა უწყება, საკანონმდებლოც და აღმასრულებელი ხელისუფლებაც სინქრონულად მუშაობს და მათ ხელთ არსებულ რესურსებს იყენებს. მიმაჩნია, რომ ეს არის ყველაზე მოკლე გზა პრობლემების მოგვარებისთვის“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია ქალაქ რუსთავის პრობლემების შესახებ რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა მხეიძემ გააცნო და დეტალურად ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელთა დროული გადაწყვეტა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსთაველებისათვის.

მისი თქმით, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დაგროვილ მრავალ პრობლემათაგან, განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩევა მოქალაქეთა საცხოვრებელი ფართების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის (პრივატიზაციის) საკითხი, ასევე იაღლუჯის ქედის რუსთავის მოსაზღვრე ნაწილის სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრების განსაზღვრა-დაზუსტების და მისი რუსთავთან მიერთების დარეგისტრირების, იაღლუჯის მთის მასივზე და სხვა ლოკაციებზე არსებული მიწის ნაკვეთების მებაღეობის წევრთათვის გადაცემის საკითხები.

მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, ქალაქისათვის საჭიროა ახალი საინვესტიციო ინექციები და მსხვილი კაპიტალური პროექტები, რადგან ბოლო წლებში აშკარად შეიმჩნევა ეკონომიკური აქტივობის მკვეთრი შენელება, სამუშაო ადგილების კლება, უმუშევრობის ზრდა და შესაბამისად, სოციალური ფონის უკიდურესი დამძიმება. მისივე თქმით, რუსთავში ბოლო ხანს მეტად აქტუალური გახდა ეკოლოგიური პრობლემები, ქალაქში სამრეწველო საწარმოებისა და მათ მიმდებარე დასახლებულ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების საკითხი. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ადმინისტრაციული ერთეული რუსთავში, რომელიც პირველ მშენებელთა უძველეს დასახლებას წარმოადგენს და ინფრასტრუქტურული გარემოც მნიშვნელოვნად დაზიანებულია, რასაც ემატება ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილება ამ უბანში სასჯელაღსრულების ახალი ობიექტის - საპატიმრო დაწესებულების აშენების შესახებ, რის გამოც სერიოზულ უკმაყოფილებას გამოთქვამს მოსახლეობა.

როგორც პაატა მხეიძემ აღნიშნა, არაერთი პრობლემის მიუხედავად, რუსთავს გააჩნია სერიოზული რესურსი კვლავ გახდეს სამრეწველო-ინდუსტრიული ქალაქი, რისთვისაც საჭირო იქნება მაღალპროფესიული კადრების მომზადება. რუსთავში სულ ახლო წარსულში არსებობდა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ფილიალი, რომელიც ადგილზე ამზადებდა საინჟინრო კადრებს მეტალურგიული, ქიმიური მრეწველობის საწარმოებისთვის და სამშენებლო კომპლექსისთვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა იფიქროს ამ პროფილის უმაღლესი სასწავლებლის რუსთავში აღდგენაზე.

დეპუტატის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქალაქისათვის უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერას და იმ კომპლექსურ ღონისძიებათა განხორციელებას, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წინაშე მდგარი მთელი რიგი სამართლებრივი, ქონებრივი, სოციალური და ადმინისტრაციული ხასიათის პრობლემების გადაწყვეტა, რაც ერთობლივი ძალისხმევით ნამდვილად შესაძლებელია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო