მზია თოდუა და შალვა თადუმაძე ფრანკ ჰუპფელდს შეხვდნენ

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, სამოქალაქო საქმეთა საკასაციო პალატის თავმჯდომარემ მზია თოდუამ და უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის თავმჯდომარემ შალვა თადუმაძემ სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) პროექტის ხელმძღვანელთან სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ფრანკ ჰუპფელდთან და ამავე პროექტის წარმომადგენლებთან ხათუნა დიასამიძესთან და სულხან გამყრელიძესთან შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოდან აცნობეს.

როგორც მზია თოდუამ აღნიშნა, გერმანული საერთაშორისო ფონდები და დონორი ორგანიზაციები აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მხარდაჭერასა და განვითარების პროცესში, ჯერ კიდევ სასამართლო რეფორმის დაწყებიდან.

„მზია თოდუამ მადლიერებით მოიხსენა ყველა ის უცხოელი კოლეგა, რომელიც ქართველ მეცნიერებთან და ექსპერტებთან ერთად თავდაუზოგავად იღწვოდა რეფორმის წარმატებული შედეგებისთვის და აღნიშნა, რომ ამ ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაგრძელება ამ ეტაპზეც მეტად მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების დასაძლევად, რაც უზენაესი სასამართლოს წინაშე დგას. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზი გაუსვა თანამშრომლობის გაგრძელების საჭიროებას სასამართლო გადაწყვეტილებათა დასაბუთების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. მზია თოდუამ აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებათა მეთოდოლოგიაზე მუშაობა, რომელიც პირდაპირ კავშირშია მოსამართლის კვალიფიკაციასთან, ერთნაირად მნიშვნელოვანია სამივე, სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატებისთვის. მან ყურადღება ასევე გაამახვილა კომერციული დავების მიმართულებით ევროპული გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზეც.

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარემ შალვა თადუმაძემ ფონდის წარმომადგენელს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია, რაც გააძლიერებს და გააუმჯობესებს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის საქმიანობას, გაზრდის საკასაციო ინსტანციის როლს და მნიშვნელობას სისხლის სამართლის პრაქტიკის ჩამოყალიბებაში. შალვა თადუმაძემ ასევე ხაზი გაუსვა მოსამართლის მიერ მისაღები გადაწყვეტილების მხარდაჭერის სისტემის შექმნის მნიშვნელობას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ხელმისაწვდომობას მოსამართლისათვის საჭირო ანალიტიკურ, სამეცნიერო და სხვა ინფორმაციებზე და მეორე მხრივ, გაზრდის სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის ხარისხს.

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე მართლმსაჯულების სისტემაში და აღნიშნა, რომ სასურველია თანდათან უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელთა გადამზადება მოხდეს,, მართლმსაჯულების სისტემაში ხელოვნული ინტელექტის გამოყენების დასანერგად. გამოითქვა სურვილი, რომ როგორც უკვე არსებული თანამშრომლობის ფორმატში, სისხლის სამათლის საქმეთა პალატას ჰყავდეს ევროპის რომელიმე ქვეყნის უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, სისხლის სამართლის-ექსპერტი, რომელიც თავის ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებს ქართველ მოსამართლეებს, სასამართლო გადაწყვეტილებათა დასაბუთების გაუმჯობესების მიმართულებით.

სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) პროექტის ხელმძღვანელმა სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ფრანკ ჰუპფელდმა მადლობა გადაუხადა უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატების თავმჯდომარეებს მასშტაბური და მნიშვნელოვანი ინფორმაციისათვის და აღნიშნა, რომ ფონდი არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა ნაყოფიერად გაგრძელდეს თანამშრომლობა და მჭიდრო ურთიერთობა IRZ- სა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს შორის,“ - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო