ამირან გამყრელიძე - მსოფლიოში გვაქვს კორონავირუსის 9 692 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის 90 ჩინეთს გარეთ, 19 ქვეყანაში

დღევანდელი დილის მონაცემებით, გვაქვს კორონავირუსის 9 692 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის 90 ჩინეთს გარეთ, 19 ქვეყანაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით, კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსით გარდაცვლილთა სიკვდილიანობა მომატებულია.

„რაც შეეხება დღევანდელი დილის სტატისტიკას, მე ვეყრდნობი ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებს, რადგან ისინი ყველაზე ადრე აქვეყნებენ და შემდეგ ამას ფილტრავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი. მონაცემები ასეთია: სამწუხაროდ, ძალიან სწრაფად იზრდება ახალი შემთხვევების რაოდენობა. ორი დღის განმავლობაში, გუშინ და დღეს დილისთვის 1982 -ით გაიზარდა ანუ დღევანდელი დილის მონაცემებით, გვაქვს ლაბორატორიულად დადასტურებული 9 692 შემთხვევა, მათ შორის, 90 ჩინეთს გარეთ, 19 ქვეყანაში. სამწუხაროდ, ასევე მომატებულია სიკვდილიანობა, ამ დაავადებით გარდაცვლილია უკვე 213 ადამიანი და ასევე დაკვირვების ქვეშ არის რამოდენიმე ათასი ადამიანი. აქედან გამომდინარე, ხაზს ვუსვამ, ყველა ამ სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა ეს, როგორც განსაკუთრებული მდგომარეობა გლობალური ჯანმრთელობისთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, დღის ბოლოსთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან კონკრეტულ რეკომენდაციებს ელოდებიან.

„ჩვენ ალბათ, დღეს და ხვალ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დეტალურ რეკომენდაციებს მივიღებთ. ახლა არის ზოგადი რეკომენდაციები. ეს რეკომენდაციები გახლავთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის, გახლავთ ჩინეთისთვის და გახლავთ სხვა ქვეყნებისთვის. 3 ჯგუფად არის ეს რეკომენდაციები გაყოფილი. ჩვენ ველოდებით, რომ დღეს, დღის ბოლოსთვის, იქნება უკვე კონკრეტული რეკომენდაციები ევროპის ქვეყნებისთვის. ამაზე მუშაობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისი და ამ რეკომენდაციებს შემდგომ გაგიზიარებთ. მაგრამ იმ ზოგად რეკომენდაციებში, რაც დღეს გახლავთ, გამომდინარე გუშინდელი გადაწყვეტილებიდან, შემიძლია თამამად გითხრათ, რომ საქართველო მიჰყვება, აკეთებს და აკეთბდა ყველაფერს, რასაც ეს რეკომენდაციები გვეუბნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ოთხ ქვეყანაში: გერმანიაში, აშშ-ში, იაპონიასა და ვიეტნამში კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადების 8 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ადამიანი ჩინეთში არ ყოფილა, თუმცა მას ვირუსი გადაედო ჩინეთში ნამყოფი ადამიანისგან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა