ლევან ბოძაშვილი - 20 წელზე მეტია ქვეყანა იმყოფება ევროსაბჭოს მონიტორინგის პროცედურის ქვეშ, 20 წელია ვერ ჩამოვყალიბდით დემოკრატიულ სახელმწიფოდ

ექსპერტი ლევან ბოძაშვილი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას აფასებს და აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანპროექტის ჩაგდებით მარტივი პოლიტიკური წინდაუხედაობა გამოიჩინა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ პოლიტიკურმა წინდაუხედაობამ ევროსაბჭოს მონიტორინგის პროცედურიდან საქართველოს მოხსნის პერსპექტივა შეაფერხა.

„20 წელზე მეტია ჩვენი ქვეყანა იმყოფება ევროსაბჭოს მონიტორინგის პროცედურის ქვეშ. 20 წელია ვერ ჩამოვყალიბდით სრულად დემოკრატიულ სახელმწიფოდ და კვლავ ჰიბრიდული, ნახევრად დემოკრატია ვართ. შარშან მარტში შევხვდი ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრებს. ფრანგ სენატორსა და რუმინელ დეპუტატებს. მათი განწყობა წლის ბოლოსთვის მონიტორინგიდან ამოეღოთ ქვეყანა, იყო აბსოლუტურად დადებითი. თუმცა, აპრილიდან მოყოლებული, სასამართლოზე ვენეციის კომისიის დასკვნების არგათვალისწინებამ, ხოლო შემდეგ პროპორციულის ჩავარდნამ, სრულად შეცვალა ეს მიდგომა და გუშინ ისევ კრიტიკული მონიტორინგის დასკვნის რეზოლუცია მიიღო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ. ამ ძალიან სამწუხარო მდგომარეობის მიღმა, არის ერთი კითხვაც: რა უფრო დიდ პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანდა „ქართულ ოცნებას“, ევროსაბჭოს 20-წლიანი მონიტორინგიდან თავის დაღწევა და ქვეყნის სრულ დემოკრატიად აღიარება, თუ პროპორციული არჩევნების ჩავარდნა და სასამართლო სისტემის მიმართ დიდი კითხვის ნიშნების გაჩენა? ეს ხომ ძალიან მარტივი პოლიტიკური წინდაუხედაობაა,“ - განაცხადა ბოძაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“ მიმართავს.

რეზოლუციაში, რომელიც ასამბლეამ მიიღო, ორგანიზაცია მმართველ პარტიას მოუწოდებს, 2020 წლის არჩევნებამდე უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველა მხარის ნდობითა და მხარდაჭერით ისარგებლებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა