სურსათის ეროვნული სააგენტო - ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, 2019 წელს 4 858 686 ვეტერინარული მანიპულაცია განხორციელდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, 2019 წლის შედეგების შეჯამებისას აღნიშნა, რომ ბოლო წლებში, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ვეტერინარული ღონისძიებები, რომლებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს, ქვეყანაში მესაქონლეობის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა.

„აღინიშნა, რომ განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს ეპიდემიოლოგიური აფეთქებების თავიდან აცილებას, ზოონოზური დაავადებების შემცირებას ცხოველებსა და ადმიანებში, ფერმერების დაცვას ეკონომიკური ზარალისგან, კეთილსაიმედო ქვეყნის იმიჯის დამკვიდრებას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას.

2019 წელს, სააგენტოს ვეტერინარების მიერ განხორციელდა 4 858 686 მანიპულაცია (ვაქცინაცია/რევაქცინაცია/კვლევა).

უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩატარდა შემდეგ დაავადებებზე: თურქული, ჯილეხი, ცოფი, ნოდულარული დერმატიტი, ბრუცელოზი, წვრილფეხა პირუტყვის ჭირი, ცხვრის და თხის ყვავილი.

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, იდენტიფიცირებულია 785 506 სული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი.

ქვეყნის მასშტაბით არსებულ 6 ვეტერინარულ ზედამხედველობის პუნქტში, სეზონური გადარეკვისას, გარეგანი პარაზიტების საწინააღმდეგოდ უფასოდ დამუშავდა 720 439 სული მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი. ვეტერინარული ღონისძიებები მიმდინარე წელსაც აქტიურად გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა