კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს შეფასებები არ არის მარტო კონკრეტული კონგრესმენების, სენატორებისა და ევროპარლამენტარების. პრაქტიკულად ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაცია და ინსტიტუცია ზუსტად ერთსა და იმავე პოზიციაზეა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებლად უნდა მოხდეს შეთანხმება საარჩევნო სისტემაზე, რომელიც დააყენებს პროპორციულის მსგავს შედეგს.
„ეს რეზოლუციაც სწორედ ამას უსვამს ხაზს. საუბრობს იმაზე, რომ აუცილებელია ისეთი საარჩევნო სისტემის მიღება, რომელზეც პოლიტიკური ძალები შეთანხმდებიან. არსი ამისი არის ის, რომ ისეთი სისტემა უნდა იყოს, რომელიც დააყენებს ისეთ შედეგს, როგორსაც ხალხი ითხოვს. „ქართული ოცნება“ აქამდე ცდილობს, ისეთი საარჩევნო სისტემით გავიდეს არჩევნებზე, რომელშიც ექნებათ მხარდაჭერის მესამედი და მოახერხებენ უმრავლესობის შექმნას. ამაზე ჩვენი ყველა პარტნიორი ეუბნებათ, რომ ეს არის მიუღებელი. ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ თუკი ვინმეს დარჩა რაიმე საღი აზრი, ნაცვლად იმისა, რომ ისაუბრონ, რომ წავლენ და არგუმენტებს მოახსენებენ და კიდევ ერთხელ მოატყუებენ, უმჯობესია იფიქრონ რეალურ ნაბიჯებზე, როგორ მოვახდინოთ ამ შეთანხმებაზე გასვლა მოლაპარაკებების პროცესში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.