ნიკა ჩიტაძე ევროსაბჭოს მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარებაზე - ხელისუფლებას სურს, ორი კურდღელი დაიჭიროს - საქართველოში თავი აარიდოს დემონსტრაციებს და რუსეთთანაც არ გააფუჭოს ურთიერთობა

საქართველოს ხელისუფლებას უნდა, ორი კურდღელი დაიჭიროს: ერთის მხრივ, საქართველოში თავი აარიდოს დემონსტრაციებს და მეორე ის, რომ რუსეთთანაც არ გააფუჭოს ურთიერთობა, - ამის შესახებ ექსპერტმა, ნიკა ჩიტაძემ რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, საქართველომ შესაძლოა, ევროსაბჭოს თხოვნით მიმართოს, მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართოს.

როგორც ჩიტაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქართველოს ხელისუფლება იძულებულია, რომ სტრასბურგში ჩაატაროს შეხვედრა.

„როდესაც „ქართული ოცნების“ რეიტინგი ეცემა და როცა დასავლეთი არ ერიდება და ღიად აკრიტიკებს მას, ალბათ ამ შემთხვევაში ხელისუფლება ცდილობს, რომ გარკვეულ დათმობაზე წავიდეს და თავიდან აიცილოს საქართველოში კვლავ დემონსტრაციები იმიტომ, რომ შესაძლებელი იქნება, დაიწყოს დემონსტრაციების ახალი ტალღა, მით უმეტეს უკვე იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაცემულია და ის კრიტიკის ობიექტი ხდება სულ, უფრო და უფრო.

საქართველოს ხელისუფლებას უნდა, ორი კურდღელი დაიჭიროს. ერთის მხრივ, საქართველოში თავი აარიდოს დემონსტრაციებს და მეორე ის, რომ რუსეთთანაც არ გააფუჭოს ურთიერთობა, რომ ვთქვათ, ის არ არის რუსეთთან დიალოგის წინააღმდეგი თითქოს და შეუძლია, რუსეთთან ერთად ერთ მაგიდაზე ან ერთ დარბაზში დაჯდეს ამა თუ იმ აქტუალური პრობლემის განხილვის პროცესში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში, მით უმეტეს ევროპის საბჭოს ფარგლებში, სადაც რუსეთს, სამწუხაროდ, სრულიად აღუდგინეს ხმის მიცემის უფლება“, - განაცხადა ჩიტაძემ.

ცნობისთვის, Commersant.ru-ს ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლოა, ევროსაბჭოს ხელმძღვანელობას მიმართოს თხოვნით, რომ ორგანიზაციის მინისტრთა კომიტეტის სხდომა, რომელიც მაისშია დაგეგმილი, თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარდეს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა