პარლამენტში,  რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინტერუწყებრივი ჯგუფის შეხვედრაზე რუსთავის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინტერუწყებრივი ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც რუსთავში არსებული პრობლემები განიხილეს და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ინტერუწყებრივი ჯგუფის სამუშაო შეხვედრას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში პაატა მხეიძე, იუსტიციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის, ფინანსთა სამინისტროსა და სხვა დარგობრივი სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაში მონაწილეობა რუსთაველმა სამოქალაქო აქტივისტებმაც მიიღეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ სიტყვით მიმართა. საკუთარ გამოსვლაში ირაკლი ტაბაღუამ ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, ავარიულ სახლებზე, მოსახლეობისათვის დაკავებული ფართების დაკანონებაზე, მრავალსართულიან კორპუსებში ლიფტების რეაბილიტაციის საკითხებზე ისაუბრა.

როგორც რუსთავის მერმა განაცხდა, საქართველოს პარლამენტი და კომიტეტი კარგი შუამავალი იქნება, იმისთვის, რომ საკანონმდებლო დონეზე გადაიჭრას პრობლემები, რომლებიც რუსთავში დღემდე მწვავედ დგას. ირაკლი ტაბაღუამ დამსწრე საზოგადოებას აღნიშნული პრობლემების გადაჭრის საკუთარი ხედვები გააცნო.

,,საქართველოში არ არის ისეთი ქალაქი, სადაც ასეთი მძლავრი, მასშტაბური წარმოებები არსებობს, როგორც რუსთავში. ეს საწარმოები ინდუსტრიულობიდან გამომდინარე, სახიფათო ნარჩენებითა და გამონაბოლქვით ქალაქს ზიანს აყენებენ. საწარმოებს, ნებართვის გამცემი უწყება გარკვეული რაოდენობის პროდუქციის წარმოების უფლებას აძლევს, ხშირ შემთხვევაში, ისინი იმაზე მეტს აწარმოებენ, ვიდრე ნებართვის მიხედვით არის განსაზღვრული, რაც თავისთავად არის არა სანებართვო პირობების დარღვევა, არამედ არალიცენზირებული საქმიანობა, რამაც მათ დამატებითი შემოსავალი მოუტანათ და შესაბამისად, ამით ნეგატიური ზემოქმედებაც გაიზარდა გარემოზე. გარკვეულ ეტაპზე აღმოჩნდა, რომ ეს საკითხები ფაქტობრივად მიტოვებული იყო, ვერ ვიტყვი, რომ გუშინ დარჩა ყურადღებისა და მონიტორინგის მიღმა, ეს პროცესი უფრო დიდი ხნის დაწყებულია. ამ საკითხზე მეც მაქვს ჩემი ჩამოყალიბებული პოზიცია, რომელიც თავიდან ბოლომდე ეფუძნება კანონმდებლობიდან გამომდინარე მინიჭებულ უფლებამოსილებას“, - განაცხადა რუსთავის მერმა.

ირაკლი ტააბღუას განცხადებით, საწარმოების მიერ გარემოს დაბინძურების საკითხზე და ამ კუთხით, აქტიურ მონიტორინგზე საკანონმდებლო ცვლილებებია მისაღები.

,,ცვლილებები მომზადებულია, რა თქმა უნდა, ამას დრო სჭირდება. მე ბიზნესის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია, თუმღაცა ეს საკითხი, რაღაც პერიოდის განმავლობაში დროში გაიწელოს, რაც ჩვენთვის უკვე მიუღებელია“, - განაცხადა რუსთავის მერმა. მისივე თქმით, იმისათვის, რომ სამართლებრივად დარეგულირდეს საკითხი, მიღებული იქნას უფრო ჯანსაღი შედეგი და გარემოც, კარგი იქნება თუ ადგილობრივ ხელისუფლებაზე მოხდება უფლებამოსილების დელეგირება, კერძოდ კი, გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით, მონიტორინგში ჩაერთვება - ,,რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი“.

როგორც შეხვედრის დასასრულს, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ განაცხადა, აღნიშნული ფორმატის შეხვედრა მომავალში რუსთავში გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა