IDFI – 2019-2020 წლებში საქართველო რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში მოხვდა, ყველა მათგანი კორუფციის მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს

2019-2020 წლებში საქართველო რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში მოხვდა. ყველა მათგანი მიუთითებს ქვეყანაში კორუფციის მდგომარეობის გაუარესებაზე, რის ერთ-ერთ მიზეზად მაღალი დონის კორუფცია სახელდება,- ამის შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, Trace International-ის მიერ გამოქვეყნებული ბიზნესის კორუფციის რისკის ინდექსის მიხედვით 2019 წელს საქართველო 200 ქვეყანას შორის 27-ე ადგილზეა 26 ქულით, რომელიც ბიზნესის რისკს განსაზღვრავს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წლის იდენტურია და გაუარესებულია 2017 წლის მონაცემებთან შედარებით, როცა საქართველო 200 ქვეყანას შორის 25-ე ადგილს იკავებდა 23 ქულით.

IDFI-ში განმარტავენ, რომ ამ მონაცემების მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ბიზნესის კორუფციის რისკმა ქვეყანაში 3 ქულით მოიმატა, ხოლო საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს მდგომარეობა ორი ადგილით გაუარესდა.

საერთაშორისო დონეზე ბიზნესში კორუფციული რისკების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ახალ ზელანდიაში გამოვლინდა და 4 ქულით შეფასდა, ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა სომალიში, სადაც ბიზნესის კორუფციული რისკი 94 ქულით იქნა შეფასებული.

IDFI-ის ცნობით, Trace International-ის ბიზნესის კორუფციის რისკის მატრიცა კორუფციის მრავალმხრივ ბუნებას შეისწავლის ოთხი მიმართულებით, საიდანაც თითოეულს ორი ან სამი ქვე-მიმართულება აქვს: პირველი მიმართულება: კორუფციის შესაძლებლობის რისკი, მეორე -კორუფციული რისკების აღკვეთა, მესამე - გამჭვირვალობა, მეოთხე მიმართულება ზედამხედველობა.

„საქართველომ ოთხი მიმართულებიდან ყველაზე დაბალი ქულა (16) კორუფციის შესაძლებლობაში აიღო, რაც ნიშნავს, რომ ამ მიმართულებაში ყველაზე დაბალი რისკი ფიქსირდება. ყველაზე მაღალი რისკი ფიქსირდება და, შესაბამისად, ოთხიდან ყველაზე მაღალი ქულით შეფასდა კორუფციული რისკების აღკვეთის მიმართულება (37 ქულა). რაც შეეხება გამჭვირვალობისა და ზედამხედველობის მიმართულებებს, ორივე მათგანი თანაბარი ქულით შეფასდა (31-31 ქულა).

საქართველოს მეზობელ ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში საუკეთესო ქულა ჩეხეთის რესპუბლიკამ მიიღო და საერთაშორისო რეიტინგში 34-ე ადგილზე მოხვდა, ხოლო ყველაზე მაღალი რისკი დაფიქსირდა თურქეთში, რომელმაც 123-ე ადგილი დაიკავა“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

IDFI აუცილებლად მიიჩნევს, ისეთი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას, რომელსაც ექნება საზოგადოების ნდობა, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და შესაბამისი კვალიფიკაცია იმისათვის, რომ გამოიძიოს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები და პასუხი გასცეს საზოგადოებაში დაგროვილ ლეგიტიმურ შეკითხვებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს