საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა 15 წლის გიორგი ფალელაშვილს, რომელიც გასულ წელს დაჭრეს, საჩუქრად საპატრულო პოლიციის ფორმა გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ 15 წლის გიორგი ფალელაშვილს, რომელიც 2019 წლის ოქტომბერში დაჭრეს, სიურპრიზი მოუწყო, სახლში მოინახულა და სპეციალურად მისთვის მომზადებული საჩუქარი გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

„შემთხვევა გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ მოხდა. არასრულწლოვანი გიორგი ფალელაშვილი მეგობრებთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა, რომელიც მანამდე 2 მოქალაქეს ეკამათებოდა, გიორგის მეგობარს და მის მამას დაუწყო ჩხუბი. მოზარდი მეგობრის და მისი მამის საშველად შემობრუნდა, რა დროსაც უცნობმა იგი ცივი იარაღით დაჭრა. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავა, დაჭრილი ახალგაზრდა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის, გიორგის დამრიგებლის ლია ტუშურის „ფეისბუკ“-პოსტიდან ცნობილი გახდა, რომ ბიჭი პოლიციელობაზე და პოლიციელის ნამდვილ ფორმაზე ოცნებობდა. გიორგიმ ოპერაციის წინ წერილი დაწერა, რომელიც დედას გადასცა: „აბა, რა, მე ხომ ადამიანების სიცოცხლეზე უნდა ვიზრუნო... შსს“.

„საპატრულო პოლიციის დირექტორმა ვაჟა სირაძემ, გიორგის საგანგებოდ მისთვის შეკერილი, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ფორმა და სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცა.

ვაჟა სირაძემ მოზარდი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაშიც წაიყვანა, სადაც მომავალი პოლიციელების მომზადება ხდება. მათ აკადემიის რექტორმა ივანე პაპიაშვილმა უმასპინძლა, რომელმაც გიორგის სასწავლებლის სპეციფიკა გააცნო, აკადემიის შენობა, სასროლეთი და „შუთჰაუსი“ დაათვალიერებინა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: შსს: საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გასულ წელს, გლდანში დაჭრილ 15 წლის მოზარდს სიურპრიზი მოუწყო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს