ექიმების ინფორმაციით, ჩინეთის მოქალაქე მცირეწლოვანი ტყუპები თავს კარგად გრძნობენ და ისინი ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს

ჩინეთის მოქალაქე ტყუპმა ბავშვებმა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილება უკვე დატოვეს და კლინიკიდან გაწერეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფექციური საავადმყოფოს ექიმებმა განუცხადეს, ჩინეთის მოქალაქე მცირეწლოვნები 30 იანვარს ტურისტულ ჯგუფთან ერთად სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ყაზბეგიდან ჩამოიყვანა, ვინაიდან მათ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ.

კორონავირუსის პრევენციისა და დიაგნოსტირებისთვის, ისინი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს.

რენდგენოგრაფიით და კვლევებით დადგინდა, რომ პაციენტებს H1N1 ვირუსი ჰქონდათ და კორონავირუსი გამოირიცხა.

ამ დრომდე მათ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებოდათ.

როგორც ექიმები აცხადებენ, ისინი თავს კარგად გრძნობენ და მათი კლინიკაში გაჩერება აუცილებელი აღარ არის, შესაბამისად, კლინიკიდან გაწერეს.

რაც შეეხება ბავშვების ახლობლებს, მათი განცხადებით, ისინი საქართველოს შეძლებისდაგვარად, უახლოეს პერიოდში დატოვებენ.

„მადლობას ვუხდი ქართველ ექიმებს ყურადღებისა და გულითადი დამოკიდებულებისთვის. ნამდვილად არ ველოდით ასეთ რეზონანსს და თანადგომას. ჩვენ ყაზბეგში აღარ დავბრუნდებით, ვიქნებით თბილისში და შეძლებისდაგვარად, როგორც მოგვიხერხდება, დავტოვებთ საქართველოს“, - განაცხადეს ბავშვების ოჯახის წევრებმა.

ამ დროისთვის თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში საქართველოს ორი მოქალაქე რჩება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, ჩინეთიდან ჩამოსულ საქართველოს ორ მოქალაქესთან მიმართებით საქართველოში ჩატარებული კვლევებით ახალი კორონავირუსის ნიშნები გამოირიცხა.

იხილეთ ვიდეო: კადრები ინფექციური საავადმყოფოდან - ჩინეთის მოქალაქე ტყუპმა მცირეწლოვნებმა დაწესებულება დატოვეს

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია