გრიგოლ გეგელია - ხუნდაძის იმედად ივანიშვილი იყოს, ჩვენ კი მყარი სოციალური გარანტიები გვჭირდება ჩვენი ბავშვებისთვის

ხუნდაძის იმედად ივანიშვილი იყოს, ჩვენ კი მყარი სოციალური გარანტიები გვჭირდება ჩვენი ბავშვებისთვის ,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია "ლელო საქართველოდან" აცნობეს, გეგელიას თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მძიმე სტატისტიკა უნდა აღიაროს და დემაგოგიის ნაცვლად პრობლემის ეფექტიან გადაჭრაზე იზრუნოს.

,,გაეროს ბავშვთა ფონდი ,,იუნისეფი“ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ატარებს სანდო კვლევას, რომლის ბოლო მონაცემებითაც, საქართველოში სწორედ 77,000 ბავშვი შიმშილობს, საიდანაც 300 ყოველწლიურად იღუპება. ეს შემზარავი სტატისტიკა მრავალი წელია ცნობილია, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" მხოლოდ 2018 წელს გაიხსენა, ისიც არასრულყოფილად.

გაუგებარია, რა პროგრესზეა საუბარი, როდესაც უახლესი სტატისტიკის თანახმად, რომელიც 2019 წელს გამოქვეყნდა, საქართველომ შიმშილის გლობალურ ინდექსში 177 სახელმწიფოს შორის 39-ე ადგილი დაიკავა. ეს რეიტინგი რამდენიმე კრიტერიუმს ემყარება, რომელთა შორისაა საკვების მწვავე დეფიციტი, ბავშვთა შიმშილი და ბავშვთა სიკვდილიანობა.

დღეს დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ მას არ აქვს განახლებული სტატისტიკა და იმედოვნებს, რომ საქართველოში ალბათ უკვე ნაკლები ბავშვი შიმშილობს. ეს უკიდურესად არასერიოზული და უპასუხისმგებლო მიდგომაა. ხუნდაძის იმედად ივანიშვილი იყოს, ჩვენ კი მყარი სოციალური გარანტიები გვჭირდება ჩვენი ბავშვებისთვის",-განაცხადა გეგელიამ.

მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში "ვხედავთ ეკონომიკურ უკუსვლას, შეჩერებულ მეგა-პროექტებს, დაკარგულ ნდობას".

"არ ვაპირებთ მათი პოლიტიკური დემაგოგიის იმედად ყოფნას. ,,ლელოს“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წელში საქართველოში აღარ იქნება არც ერთი მშიერი ბავშვი. ჩვენ ვსახავთ ბავშვთა შიმშილობის პრობლემას, როგორც საყოველთაოდ კრიტიკულ და მყისიერად გადასაწყვეტ საკითხს, რაზეც გაგვაჩნია კონკრეტული ხედვა.

ხუნდაძეს შევახსენებ, რომ 2018 წელს სწორედ ,,იუნისეფის“ კვლევის საზარელი შედეგების გამო მისმა ხელისუფლებამ პრემიერი კვირიკაშვილი სახლში გაისტუმრა, თუმცა მას შემდეგ არც ერთი ეფექტური და მიზნობრივი ნაბიჯი არ გადადგმულა.

"ქართულ ოცნებას" ვურჩევდი, რომ მეტი ყურადღებით გაეცნოს უმნიშვნელოვანეს პრობლემებს, აღიაროს მძიმე სტატისტიკა და დემაგოგიის ნაცვლად ეფექტიან გადაჭრაზე იზრუნოს’’, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო