გიგა ბოკერია - ჩემი ამოცანა ის კი არ არის, რომ წულუკიანისნაირი „კლოუნი" სტრესის ქვეშ იყოს და მორიგი სისულელეები ილაპარაკოს, ივანიშვილი უნდა მოეგოს გონს

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ იუსტიციის მინისტრის დღევანდელ განცხადებას უპასუხა და განაცხადა, რომ „კლოუნი თეა წულუკიანი სტრესის ქვეშაა".

მისივე თქმით, მთლიანად ოპოზიციისა და საზოგადოების გზავნილია ის, რომ დროულად მოეგოს გონს ივანიშვილი და შესაბამისად, „გონს მოეგებიან ყველა მისი „კლოუნები", წულუკიანის ჩათვლით“.

„დაანებონ თავი ქვეყნის დაზიანებას, საზოგადოებასთან დაპირისპირებას და თავის პოლიტიკურ დაღუპვას. წაიღონ უკან შეურაცხყოფა, მიიღონ პროპორციული სისტემა და შეწყვიტონ რეპრესიები. ეს არის საჯარო გზავნილი. რა დახურული შეხვედრა, ის ალბათ გულისხმობს დიპლომატებთან მოლაპარაკებებს, საიდუმლოდ რომ დავემუქრე მე მას ამერიკის, ევროკავშირის და გერმანიის ელჩის თანდასწრებით. ეტყობა ნერვიულობს და უნდა ინერვიულონ კიდეც, ოღონდ ნერვიულობას სჯობს, დროულად მოეგონ გონს და არა ეს ბრიყვული განცხადებები აკეთონ. მათ უბიძგეს საზოგადოებას ამ აღშფოთებისკენ და არანორმალური სცენარის რისკის ქვეშ დაგვაყენეს. ისინი მწარედ დამარცხდებიან, გვსურს, რომ ისინი ნორმალურად ან შედარებით ნორმალურ სცენარში დამარცხდნენ. ეს არის ჩემი გზავნილი საჯაროც, "დახურულიც", დიპლომატების თანდასწრებითაც და ისედაც. ჩემს პროგნოზს თუ მუქარად თვლიან, ჩათვალონ მუქარად თუ უნდათ.

ეს არჩევანი მათ გააკეთეს, როდესაც საზოგადოებას უთხრეს, რომ ფეხებზე გვკიდიხართ, დაღვრილი სისხლის და „გვარილოვის ღამის" შემდეგ ახლა გადაგაგდებთ. ეს არის მათი არჩევანი, ამან დააყენა რისკის ქვეშ ქვეყანა. როგორც ჩანს სტრესის ქვეშ არიან, უნდა იყვნენ კიდეც. თუმცა, ჩემი ამოცანა ის კი არ არის, რომ წულუკიანისნაირი „კლოუნი" სტრესის ქვეშ იყოს და მორიგი სისულელეები ილაპარაკოს, ივანიშვილი უნდა მოეგოს გონს, უთხრას ამ „კლოუნებს", რომ დროზე შეცვალონ კურსი ქვეყნისთვის საზიანო და მათთვის დამღუპველი, მერე არჩევნები იქნება და შეეგუოს მარცხს არჩევნებში“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, მთავრობის სხდომის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ გიგა ბოკერია საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით იმუქრებოდა. „როდესა ბოკერია თითს აქნევდა მოლაპარაკების მაგიდასთან და ამბობდა, რომ თქვენ თუ არ დათანხმდებით ამას, ქვა ქვაზე არ დარჩება, იქნება ერთი ამბავი და ოდირში გავაგზავნით ჩვენს პროექტსო, მე ვუთხარი, რომ ოდირი არ ამოწმებს კონსტიტუციურობას, რაზეც მან წამოიწყო ქირქილი. დღეს ოდირი თვითონ ეუბნება ბატონ ბოკერიას, რომ მე არ ვარ ის ორგანო, რომელიც შეამოწმებს კონსტიტუციურობას. ეს სამარცხვინოა, სამარცხვინოა იმით, რომ ოპოზიციამ აჩვენა საკუთარი უცოდინრობა“, - განაცხადა წულუკიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო