რომან გოცირიძე - ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ შოთაძე იქნებოდა დამტკიცებული? - 15 კონკურენტი ჰყავდა და მათ არ რცხვენიათ, რომ ამ ბუტაფორიაში მონაწილეობდნენ?!

ირაკლი შოთაძეს 15 კონკურენტი ჰყავდა და მათ არ რცხვენიათ, რომ ამ ბუტაფორიაში იღებდნენ მონაწილეობას?! - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით გოცირიძე გამოეხმაურა საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის არჩევას პარლამენტისთვის წარსადგენად.

გოცირიძის განცხადებით, საპროკურორო საბჭო „კინწისკვრითაა გასაგდები".

„ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ შოთაძე იქნებოდა დამტკიცებული? 15 კონკურენტი ჰყავდა და მათ არ რცხვენიათ, რომ ამ ბუტაფორიაში მონაწილეობდნენ?! ეს იყო ბლეფი, თამაში. საპროკურორო საბჭო კინწისკვრით არის გასარეკი და ზედ უნდა მიაყოლონ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელმაც „ქართული ოცნებისა" და ივანიშვილის სასურველი მოსამართლეები წარადგინა. ყველაფერი წინასწარ იყო განსაზღვრული. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები ჩრდილოვანი მმართველის მიერ მიიღება, როგორც მას ამერიკულ მედიაში უწოდებენ,"- განაცხადა გოცირიძემ.

გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა" შესაძლოა, პარლამენტში ირაკლი შოთაძის კანდიდატურის საკომიტეტო განხილვას დაესწროს.

„ამის თაობაზე მოგვიანებით მივიღებთ გადაწყვეტილებას, ხოლო პლენარული სხდომის ბოიკოტი ძალაშია“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა აარჩია. ფარული კენჭისყრის შედეგად არჩეულ კანდიდატს საპროკურორო საბჭო განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა