ანრი ოხანაშვილი - პროკურატურის ისტორიაში გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი ასეთი გამჭვირვალე ფორმით პირველად წარიმართა

რეიტინგის მიხედვით, საუკეთესო გამოსვლა ბატონ ირაკლი შოთაძეს ჰქონდა. ამიტომ მას საბჭოს 11 წევრის მხარდაჭერა აქვს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძის არჩევას.

ოხანაშვილის განცხადებით, ირაკლი შოთაძეს აქვს იმის რესურსი, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე თავისი მოვალეობა ღირსეულად შეასრულოს. მისივე შეფასებით, კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი ასეთი გამჭვირვალე ფორმით პროკურატურის ისტორიაში პირველად წარიმართა.

„პროკურატურის ისტორიაში პირველად წარიმართა ასეთი გამჭვირვალე ფორმით გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი. თქვენ ისმენდით შეკითხვებს, ისმენდით პასუხებსა და ხედვას. საზოგადოებამ ამ ყველაფერს თვალყური ადევნა. შესაბამისად, რეიტინგის მიხედვით, საუკეთესო გამოსვლა ჰქონდა ბატონ ირაკლი შოთაძეს. ამიტომ მას საბჭოს 11 წევრის მხარდაჭერა აქვს. პირადად ჩემი პოზიცია, თუ რატომ დავუჭირე მას მხარი, მდგომარეობს იმაში, რომ ამ ადამიანს ჰქონდა დეტალური ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს პროკურატურის სისტემა შემდგომში, როგორი უნდა იყოს სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით შემდგომი ნაბიჯები, როგორი უნდა იყოს სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა პროკურატურის ფარგლებში, როგორ უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან და ა. შ. მე მას მხარი დავუჭირე მისი კომპეტენციიდან, კეთილსინდისიერებიდან და იმ უნარიდან გამომდინარე, რომ მან ღირსეული ნაბიჯი ერთხელ უკვე გადადგა თანამდებობიდან. შესაბამისად, მას აქვს იმის რესურსი, რომ ღირსეულად შეასრულოს ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე თავისი მოვალეობა,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც საპროკურორო საბჭო შოთაძის კანდიდატურას პარლამენტს წარუდგენს, მას, სავარაუდოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ. ამის შემდეგ კი შოთაძის კანდიდატურას კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან.

„რაც შეეხება პროცედურას, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტს გადმოუგზავნის შოთაძის კანდიდატურას. ამ დოკუმენტაციის და ოფიციალური წერილის შედეგად, ბიურო განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს, რომელიც წესით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იქნება. მე მაქსიმალურად უზრუნველვყოფ, რომ პროფესიული თვალსაზრისით დაინტერესებული სუბიექტები დაესწრონ სხდომას, დასვან შეკითხვები და მოვისმინოთ პასუხები. ამის შემდეგ, დასკვნა გადაეგზავნება პლენარულ სხდომას და იქ მოხდება კანდიდატის კენჭისყრა“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს