შსს - სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში პოზიტიურად შეფასდა

ევროკავშირმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ანგარიშში მოხვდა 2019 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.

შსს-ს ინფორმაციით, დოკუმენტში ასევე საუბარია უწყების მიერ მიღწეულ პროგრესსა და განსახორციელებელ რეფორმებზე. ყოველწლიურ ანგარიშში ხაზგასმულია სამართალდაცვით სფეროში საქართველოს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა ევროპოლთან. ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მძიმე და ორგანიზებული ტრანსსასაზღვრო დანაშაულების აღმოფხვრის მიზნით პოლიციის ატაშეების გაგზავნა.

უწყების ცნობითვე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უვიზო მიმოსვლის კუთხით, საქართველო პროაქტიულად აგრძელებს თავისი მოქალაქეების არალეგალურ მიგრაციასა და თავშესაფრის მოთხოვნასთან ბრძოლის მიმართულებით საჭირო ზომების მიღებას, ხოლო საქართველოს ხელისუფლება, ევროკომისია და ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ თემაზე ერთობლივად, აქტიურად მუშაობენ.

„ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის ხელშეწყობა დასჯადი გახდა.

ასევე, პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მიერ, ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საზღვრის მართვის გაძლიერების მიმართულებით მიმდინარე მუშაობა.

ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში აღინიშნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უსაფრთხოებისა და მონიტორინგის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, საზღვრის მართვის საკითხებში თანამშრომლების გადამზადების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით პოლიციის აკადემიის სასწავლო პროგრამების დახვეწა.

ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, კერძოდ, ქალთა უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საფუძველზე პოლიციისთვის მიმართვიანობის გაზრდილი მაჩვენებელი ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით. ასევე, ხაზგასმით აღნიშნულია, რომ 2017-დან 2018 წლამდე 75%-ით გაიზარდა პოლიციის მიერ გაცემული შემაკავებელი ორდენების რაოდენობა“,-ნათქვამია ინფორაციაში.

უწყების ინფორმაციით, ანგარიშში დადებითად შეფასდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, რომლებიც გამომძიებლისა და პროკურორის ფუნქციების, ასევე, ოპერატიული და საგამოძიებო ფუნქციების გამიჯვნას გულისხმობს.

„დოკუმენტის თანახმად, გაფართოვდა საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობისა და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის რეფორმის არეალი, გაუმჯობესდა ცენტრალიზებული ანალიტიკური საქმიანობა. ასევე, დადებითადაა შეფასებული სამინისტროს მიერ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობა.

ევროკავშირის წლევანდელი ყოველწლიური ანგარიში, 2016 წელს ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, უკვე რიგით მეოთხე ოფიციალური სამუშაო დოკუმენტია. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე, საქართველო-ევროკავშირის არსებული ასოცირების დღის წესრიგი მომდევნო წლებისთვის განახლდება“,-ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა