აუდიტის სამსახური - 2017-2018 წლებში, თბილისის მერიამ არსებული წესის შეუსაბამოდ გამოყენებული შეღავათიანი მგზავრობის ღირებულება 414 ათასი ლარით აანაზღაურა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, თბილისის მერიამ 2017-2018 წლებში , არსებული წესის შეუსაბამოდ გამოყენებული შეღავათიანი მგზავრობის ღირებულება სავარაუდოდ, 414 ათასი ლარით აანაზღაურა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის აუდიტის ანგარიშს აქვეყნებს , რომელშიც მრავალ დარღვევაზეა საუბარი. იკვევა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო ბარათების გამოყენება არასათანადოდ ხდება.

„დადასტურდა, რომ არსებობენ პირები, რომლებიც ბარათებს ერთსა და იმავე სადგურში მრავალჯერადად იყენებდნენ. კერძოდ, ისინი იმყოფებოდნენ ტურნიკეტთან ახლო სივრცეში და გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ მგზავრებს სთავაზობდნენ ტურნიკეტის გავლას”,-აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ამასთან, აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ შეღავათი დადგენილი წესის შეუსაბამოდ არის გავრცელებული სამგზავრო ბარათის 14,437 მფლობელზე, რომელთაც 2017-2018 წლებში შეუწყდათ სტუდენტის სტატუსი. კერძოდ, მეტროსა და ავტობუსებში გამოყენებულ ბარათებზე ფასდაკლება დაფიქსირდა 1,973,806 შემთხვევაში. შესაბამისად, კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე, მერიის მიერ ზედმეტად გადახდილმა თანხამ 592 ათას ლარს გადააჭარბა.

ანგარიშში მოყვანილი მონაცემების თანახმად, 2017-2018 წლებში თბლისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებული იყო საშუალოდ 1,279 კონტროლიორი და კონდუქტორი, რომლებზეც შრომის ანაზღაურების სახით გაცემულია 32 მილიონ ლარზე მეტი.

ამასთან, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2017-2018 წლებში უზრუნველყო 503.3 მლნ მგზავრის ტრანსპორტირება. უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით (მეტრო, ავტობუსი) სხვადასხვა დროს ისარგებლა 305-მა მილიონმა პირმა, რაც გადაყვანილი მგზავრების 61%-ს შეადგენს. კომპანიამ 2017-2018 წლებში შემოსავლების სახით 548.1 მლნ ლარი მიიღო.

„ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი გარემოებები საჭიროებს თუ არა დამატებით შესწვლას საგამოძებო ორგანოების მხრიდან. როგორც უწყებაში განაცხადეს, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის აუდიტის ანგარიში“ პროკურატურაშია გადაგზავნილი. ცნობისთვის, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ დაფუძნებულია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, რომელიც ფლობს საწარმოს 100%-იან წილს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს თბილისის მასშტაბით რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, შემდეგი ტრანსპორტით: ავტობუსები, მეტრო და საბაგირო გზები.

ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.02.2020
ზაალ ანჯაფარიძე - საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე შეიძლება წამოვიდნენ ის პარტიები, რომლებსაც „ნაციონალების“ წინაშე რაიმე ვალდებულებები არ გააჩნიათ
სტუდენტზე ორიენტაცია, მოტივაციის ზრდა და კვალიფიკაციის ამაღლება - სტუ-ის რექტორის მიზნები და გეგმები
„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა
„ტერაბანკმა“ იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა