ადვოკატი - თუ ჯანაშიასა და ბარბაქაძის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას და სხდომის აუდიო ოქმს არ გადმომცემენ, მიხეილ კალანდია ჩვენებას არ მისცემს

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, თუკი მას უზენაესი სასამართლოს მიერ გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებასა და სხდომის აუდიო ოქმს არ გადასცემენ, მიხეილ კალანდია სასამართლოს ჩვენებას არ მისცემს. აღნიშნულის შესახებ ზურაბ თოდუამ „ინტერპრესნიუსს“ სასამართლო პროცესის დაწყებამდე განუცხადა.

თოდუამ დღეს გენერალურ პროკურატურას მოსამართლე გიორგი შავლიაშვილის წინააღმდეგ დევნის დაწყებით მიმართა.

„გენერალურ პროკურატურას მივმართე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი შავლიაშვილის წინააღმდეგ დევნის დაწყების თაობაზე. უზენაესი სასამართლო ვალდებულია გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძის საქმეზე 2020 წლის 28 იანვრის განაჩენი და ამ საქმეზე ჩატარებული სასამართლო სხდომის აუდიო ოქმები გადმომცეს. გენერალური პროკურატურისგან სასწრაფო რეაგირებას ვითხოვ, რადგან ამ დოკუმენტის გადმოუცემლობის გარეშე ვერ ვაგრძელებთ სათანადო ფორმით და სათანადო ფარგლებში მიხეილ კალანდიას უფლებების დაცვას. თუ ამ დოკუმენტს არ გადმომცემენ, მიხეილ კალანდია ჩვენებას არ მისცემს. საუბარია, უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენზე, რომელიც რადიკალურ წინააღმდეგობაშია 15 იანვარს გიორგი ჯანაშიას მიერ მიცემულ ჩვენებასთან, ვინაიდან ამ დღეს ეს პატივცემული მოწმე ამტკიცებდა, რომ ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იმყოფებოდა, განაჩენი კი 13 დღეში დადგა, სადაც უზენაესმა სასამართლომ საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა, რომელშიც გიორგი ჯანაშია მკვლელობას წინასწარი განზრახვით პირთა ჯგუფთან ერთად აღიარებს. ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობის მქონეა, თუ რამ გამოიწვია 13 დღეში სახეცვლილი ჩვენება“, - აცხადებს თოდუა.

მიხეილ კალანდიას საქმეზე მხარეებმა მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულეს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენება მიხეილ კალანდიამ უნდა მისცეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა