აუდიტის ანგარიშის თანახმად, ხარაგაულში მოსახლეობის ნაწილის წყალმომარაგება ხორციელდება შეფერხებით, სასმელად უვარგისი, ტექნიკური წყლით

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილი სასმელად უვარგისი წყლით მარაგდება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხარაგაულში მოსახლეობის ნაწილის წყალმომარაგება ხორციელდება შეფერხებით და დადგენილი სტანდარტების შეუსაბამო, სასმელად უვარგისი, ტექნიკური წყლით.

„პრობლემა ატარებს სისტემურ ხასიათს, თუმცა მუნიციპალიტეტს არც სათანადო ღონისძიებები გაუტარებია მის გადასაწყვეტად და არც სამოქმედო გეგმა შეუმუშავებია“,-წერია აუდიტის დასკვნაში.

უფრო კონკრეტულად, აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ერთ დაბასა და 76 სოფელში ცხოვრობს 10,097 ოჯახი, მათ შორის, წყლის სისტემის მეშვეობით წყალი 5,336 ოჯახს მიეწოდება მუდმივად, ხოლო 3,895 ოჯახს - შეფერხებებით. დანარჩენი 866 ოჯახი კი სარგებლობს ჭებითა და წყაროებით.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში (გარდა დაბა ხარაგაულის, ასევე სოფელ დიდვაკის და საღანძილის რამდენიმე ოჯახისა) წყლის გამწმენდი ნაგებობების არარსებობის გამო, მოსახლეობას მიეწოდება გაუფილტრავი წყალი. ამასთან, ხარაგაულის მერიას სოფლებში, გარდა საბავშვო ბაღებისა, ჩატარებული არ აქვს წყლის ხარისხის შესახებ ლაბორატორიული კვლევა. რაც შეეხება საბავშვო ბაღებისთვის მიწოდებულ წყალს, ლაბორატორიული კვლევის შედეგებით შეუსაბამობები გამოვლინდა დაბა ხარაგაულის №1 და №2 და სოფელ ხევის საბავშვო ბაღებში.

რაც შეეხება სხვა დარღვევებს, რომლებიც აუდიტის სამსახურმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გამოავლინა, როგორც ირკვევა, მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერებით შესყიდვის განხორციელებისას, დაბალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტებს დისკვალიფიკაცია მიანიჭა დაუსაბუთებლად, კანონმდებლობის დარღვევით და ხელშეკრულება გააფორმა მაღალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტებთან, რითაც დაკარგა სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა. ამასთან, ხარვეზები გამოვლინდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის, ასევე მისი შესრულების ეტაპზე. მერიას არ გააჩნია რაციონალური მიდგომა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისას საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით.

„ინტერპრესნიუსი" დაინტერესდა აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი გარემოებები საჭიროებს თუ არა დამატებით შესწავლას საგამოძიებო ორგანოების მხრიდან. როგორც უწყებაში განგვიცხადეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების აუდიტის ანგარიში პროკურატურაშია გადაგზავნილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა