დავით ზალკალიანმა ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. გადასასვლელების დაკეტვის საკითხი განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელს რუდოლფ მიხალკას შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

შეხვედრაზე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარეობის სპეციალურმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა მინისტრს წარუდგინა ეუთო-ს ალბანეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები 2020 წლის მანძილზე. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ გამოხატა მზაობა, აქტიურად ითანამშრომლოს თავმჯდომარეობასთან პრიორიტეტების განხორციელების კუთხით. ამასთან, მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტი უახლოეს მომავალში განხორციელდება.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის საკითხებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა რუდოლფ მიხალკას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე და საოკუპაციო ძალის ქმედებებზე, რაც კიდევ უფრო ართულებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობას. საუბარი ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას, მის დღის წესრიგში არსებულ საკითხებს და ეუთო-ს როლს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხში.

ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დაკეტვის საკითხს, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა აღნიშნულის მიუღებლობა და საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა. „ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან იყო ძალიან მკაცრი შეფასება, თანათავმჯდომარეებს მოვთხოვეთ მიიღონ ზომები იმისთვის, რომ გადაადგილების და სხვა ფუნდამენტური უფლებები, რაც ქართული მოსახლეობისთვის იზღუდება, დაუყოვნებლივ იქნას აღდგენილი“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი ინფორმაციით, ამ საკითხზე მსჯელობა გაიმართება ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე და ასევე ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე.

„აუცილებელია, რომ თანათავმჯდომარეების და ყველა ძირითადი აქტორის მხრიდან, ვინც ჩართულია ამ პროცესში დაუყოვნებლივ იყოს მიღებული ზომები. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შესაბამის წინადადებებზე“, - განაცხადა მინისტრმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს