მწერალთა სახლი, საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად, ლიტერატურულ პრემია „ლიტერას“ კონკურსს აცხადებს

მწერალთა სახლი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, ლიტერატურულ პრემია „ლიტერას“ კონკურსს აცხადებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მწერალთა სახლიდან აცნობეს, კონკურსი 6 ნომინაციაში ცხადდება: წლის საუკეთესო პროზაული კრებული, წლის საუკეთესო რომანი, წლის საუკეთესო პოეტური კრებული, წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა, წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი, წლის საუკეთესო დებიუტი.

მათივე ინფორმაციით, თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს ფულადი პრემია 5000 ლარი და პრიზი „ლიტერა“ გადაეცემა.

„ლიტერატურული პრემიის საკონკურსოდ განიხილება 2019 წელს ქართულ ენაზე წიგნად გამოცემული ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები. პრემიაზე წარდგენილი წიგნი უნდა იყოს წიგნის პირველი გამოცემა. წიგნის კონკურსზე წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ გამომცემლის მიერ. თითოეულ ნომინაციაში საკონკურსოდ წარმოდგენილი წიგნების რაოდენობა შეზღუდული არაა. კონკურსის შედეგებს აფასებს მწერალთა სახლის მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგება. გამარჯვებულის გამოვლენა ფარული კენჭისყრით მოხდება. ჟიური იტოვებს უფლებას გამონაკლისის სახით ერთჯერადად დაუშვას პრემიის გაყოფა ერთ ან ორ ნომინაციაში. ამ შემთხვევაში საპრიზო თანხაც გაიყოფა ორად.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 6 მარტი. კონკურსანტების მოკლე ნუსხას ჟიური მაისის ბოლოს წარადგენს. გამარჯვებულების გამოვლენა 8-იდან 11 ივნისამდე მოხდება.

პრემია „ლიტერა“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დაარსეს და მას შემდეგ ყოველწლიურად გაიცემა.

2016-2019 წლებში ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულები იყვნენ: ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, ნაირა გელაშვილი, ზვიად რატიანი, ნანა ექვთიმიშვილი, არჩილ ქიქოძე, როსტომ ჩხეიძე, ზურაბ ქარუმიძე, გიორგი შონია, სოსო მეშველიანი, ლელა სამნიაშვილი, ბექა ქურხული, გიორგი შონია, ნატალია ავალიანი, მაქსიმე მაჩაიძე და სხვები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო