აკაკი საღირაშვილმა „უსაფრთხო ინტერნეტის დღის“ ოფიციალურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა „უსაფრთხო ინტერნეტის დღისადმი“ მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, რომელზეც საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ინტერნეტში უსაფრთხოების საკითხების შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლებისა და ციფრულ სამყაროში პოზიტიური ცვლილებების შესახებ ისაუბრეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროპის საბჭოს მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ, ორგანიზაციის „ISOC - საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა, აგრეთვე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს და სხვა პროფილური უწყებების წარმომადგენლებმა.

მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის განცხადებით, „უსაფრთხო ინტერნეტის დღის“ მიზანია ისეთი უსაფრთხო და უკეთესი ინტერნეტის შექმნა, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს ტექნოლოგიები პასუხისმგებლობის, სხვებისადმი პატივისცემის, კრიტიკული მიდგომის და შემოქმედებითი აზროვნების საფუძველზე. „მსოფლიოში ინტერნეტის მოხმარებამ იმატა და ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობა და განსაკუთრებით ბავშვები დაცული იყვნენ იმ საფრთხეებისგან, რომლებიც ამ სივრცეში არსებობს. ჩვენ ევროკავშირის დახმარებითა და მსოფლიო ბანკის ექსპერტების ჩართულობით ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების ეროვნული სტრატეგია შევიმუშავეთ. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ქვეყანაში ინტერნეტ უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასა და მის სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც მალე დავასრულებთ,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

„უსაფრთხო ინტერნეტის დღე“ 2005 წლიდან ყოველ თებერვლის თვეში აღინიშნება “ინსეიფ/ინჰოუპ” (Insafe/INHOPE) ერთობლივი ქსელის ორგანიზებით და ევროკომისიის მხარდაჭერით. ის წარმოადგენს გლობალურ მოძრაობას, რომელიც ეძღვნება უსაფრთხო ინტერნეტ გარემოს შექმნას, განსაკუთრებით ბავშვებისთვის და ახალგაზრდა თაობისთვის. ღონისძიება ჩვეულებრივ იმართება თებერვლის მეორე კვირის მეორე დღეს. მას ყოველწლიურად უერთდება მილიონობით ადამიანი, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო