საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ასევე, მასთან ერთად ბრალდებული ორი პირის, „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამს. როგორც პროცესის დაწყებამდე ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, პროკურატურა ისეთი საკითხებით ინტერესდება, რაც მის უფლებამოსილებაში არ შედის.

„შესავალ სიტყვაში ყურადღებას გავამახვილებთ, რომ ეს არის რეალურად პოლიტიკური მოტივით წარმოებული დევნა. სინამდვილეში, პროკურატურა ისეთი საკითხებით ინტერესდება, რომელიც საერთოდ არ შედის მის უფლებამოსილებაში. ერთადერთი მიზანი, რაც პროკურატურის მოქმედებებს აქვს, ცხადია ის არის, რომ „მთავარი არხის" განეიტრალება მოხდეს", -განაცხადა საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.

კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზარდებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

იხილეთ ვიდეო

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა