ომბუდსმენმა საკონსტიტუციო სასამართლოს ნიკა მელიას საქმეზე „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მიმართა

10 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს სარჩელზე „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მიმართა. სარჩელით მოთხოვნილია პარლამენტის იმ დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლითაც მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს.

მათი ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენით, ნიკანორ მელიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. აღნიშნული განაჩენის საფუძველზე 12 დეკემბერს მას შეუწყდა საპარლამენტო უფლებამოსილება.

„სახალხო დამცველის აპარატის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ნიკანორ მელიას მიმართ დამდგარი განაჩენი აღსასრულებლად ჯერ არ მიქცეულა. სასამართლოს განცხადებით, დანიშნული სასჯელი აღსრულდება მას შემდეგ, რაც გასაჩივრების პროცედურები დასრულდება და ბოლო ინსტანცია შემაჯამებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.

სახალხო დამცველის „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება მიმოიხილავს, თუ როდის უნდა წარმოადგენდეს გამამტყუნებელი განაჩენი საპარლამენტო უფლებამოსილების ჩამორთმევის საფუძველს. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ძალაში შესული განაჩენის“ ცნებას ავტონომიური შინაარსი გააჩნია, ხოლო არჩეული პარლამენტარის უფლებამოსილების შეწყვეტისას თანაზომიერების პრინციპის დაცვა აუცილებელია.

საერთო სასამართლოებში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მათ შორის, განსახილველ საქმეზე მიღებული ინფორმაციის ანალიზით ირკვევა, რომ განაჩენი დაუყოვნებლივ აღსრულდება მაშინ, თუ დანიშნულია საპატიმრო სასჯელი, ხოლო არასაპატიმრო სასჯელები აღსრულდება მხოლოდ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის, ან გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ. საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის ანალიზიდან ასევე შესაძლებელია ანალოგიური განსხვავების ამოკითხვა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

საკონსტიტუციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას სამართლიანად უთმობს დემოკრატიული წესით, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების უფლებამოსილებაში ჩარევის დროს თანაზომიერების დაცვას. სასამართლო უთითებს პროპორციულობის დაცვის აუცილებლობაზე, იმ ფონზე, როდესაც არჩეული პირის უფლებამოსილება შემოფარგლულია კონკრეტული ვადით და გაცდენილი ვადის აღდგენა ობიექტურად შეუძლებელია.

„სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება სწორედ პროპორციულობის საკითხის გარკვევას ისახავდა მიზნად. შესაბამისად, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ მაშინ, თუკი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით დეპუტატს სასჯელის სახედ საპატიმრო სასჯელი დაენიშნა. იმ შემთხვევებში, როცა სასჯელის სახედ არასაპატიმრო სასჯელი ინიშნება, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება მხოლოდ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის, ან გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ უნდა შეწყდეს.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ წინამდებარე „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება დაეხმარება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს მოცემული საქმის სამართლიანად და კანონიერად გადაწყვეტაში“,-ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს