ანა ნაცვლიშვილი - თუ დადასტურდება, რომ პრემიერი და მოსამართლე კონკრეტული საქმის დეტალებს და მისაღებ გადაწყვეტილებას განიხილავენ, ეს ძალიან მძიმე დანაშაულია

"ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. საქმე მოსამართლე გიორგი არევაძის, ვანო ზარდიაშვილისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესაძლო შეხვედრას ეხება.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა მედიასთან განაცხადა, შესაბამისი წესით უნდა იქნას გამოძიებული მოსამართლე გიორგი არევაძისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

"მოგეხსენებათ, დაახლოებით ერთი თვის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი არევაძე, რომელიც არის არაერთი გახმაურებული საქმის მოსამართლე, ჰქონდა შეხვედრა პრემიერთან და უშუალოდ მისგან მიიღო დავალებები ამ საქმეებთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომელიც შესაბამისი წესით უნდა იყოს გამოძიებული, ან თუ დადასტურდება, რასაკვირველია, შემდეგ უკვე ის უნდა ჩამოსცილდეს ამ საქმეების განხილვას და გამოძიება უნდა გაგრძელდეს სამართლებრივი შეფასების მისაცემად, ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ გამოძიებას. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ეტაპზე სამართლებრივი პროცედურები არის დაწყებული, მაგრამ კანონი მკვეთრად განმარტავს, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს ყველა ასეთ ფაქტთან დაკავშირებით. საზოგადოებამ, ასევე ადამიანებმა, რომელთა ბედი მოსამართლე არევაძემ უნდა გადაწყვიტოს, აქვთ უფლება იცოდნენ, ვისგან იღებს ის დაკვეთებს",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა მუხლით შეიძლება დაიწყოს გამოძიება, ნაცვლიშვილი პასუხობს, რომ აღნიშნულზე ბევრი ვერსია შეიძლება იყოს. მისივე თქმით, მძიმე დანაშაულია, როდესაც მოსამართლე და პრემიერი კონკრეტული საქმის დეტალებს განიხილავენ.

"ძალიან ბევრი შესაძლო ვერსია შეიძლება იყოს, როგორც მინიმუმ თუ დადასტურდება ეს ფაქტი, რომ პრემიერი და მოსამართლე კონკრეტული საქმის დეტალებს და მისაღებ გადაწყვეტილებას განიხილავენ, ეს ძალიან მძიმე დანაშაულია, როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით, ასევე პოლიტიკურად არის უმძიმესი შემთხვევა. ვიცით, რომ სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში სასამართლო ზეწოლებს ექვემდებარება. ამიტომ, უცნაური და წარმოუდგენელი ასეთი შეხვედრა, დაკვეთის მიცემა არ არის. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, როდესაც კონკრეტული ინფორმაცია ვრცელდება, ეს ინფორმაცია გამოძიებული უნდა იყოს. მოლოდინი იმისა, რომ სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩატარდება, ან ამ საქმეებზე ლოგიკური შედეგი დადგება, რა თქმა უნდა, არ მაქვს. ეს მოლოდინი არ მაქვს არა ჩემი სუბიექტური შეხედულების გამო, არამედ იმიტომ, რომ ფაქტები, სტატისტიკა ადასტურებს, ეს არის პოლიტიკური დამკვეთების შემსრულებელი და არა სიმართლის დამდგენი კონკრეტულ საქმეებზე, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადეთ და როცა შემაშფოთებელი ინფორმაცია მივიღეთ, სახელმწიფოსგან რეაგირებას მოვითხოვთ"-აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, 17 იანვარს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პარტია "ლელო საქართველოს" წევრებმა, კახა კოჟორიძემ და ანა ნაცვლიშვილმა მოსამართლე გიორგი არევაძის, ვანო ზარდიაშვილისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანეს და გამოძიების დაწყება მოითხოვეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა