არასამთავრობო ორგანიზაციები - გიგი უგულავას წინააღმდეგ წარმართული საქმე მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი უზენაესი სასამართლოს მიერ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ეხმაურება. ხელმომწერი ორგანიზაციები მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელისუფლების მიერ ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა.

გავრცელებულ განცხადებაში არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნული საქმის პრობლემურობაზე მიუთითებენ. მესამე სექტორი რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის საქმის დარღვევების ფონზე წარმართვასა და დასავლელი პარტნიორების განცხადებების იგნორირებაზე. გარდა ამისა, მათივე შეფასებით, ხელისუფლებამ უგულავას დაკავებით უარი თქვა ოპოზიციასთან მოლაპარაკებაზე.

მესამე სექტორი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, შეწყვიტოს ოპონენტებისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელება.

„ინტერპრესნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე პროკურატურამ გიგი უგულავას ბრალი 2013 წლის 18 დეკემბერს წარუდგინა. საქმე მნიშვნელოვანი დარღვევით წარიმართა, რამაც წარმოშვა საფუძვლიანი ეჭვი, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებული იყო და მის ერთადერთ მიზანს ოპოზიციური ლიდერის პოლიტიკური პროცესებისაგან ჩამოშორება წარმოადგენდა. გიგი უგულავა 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ, მაშინ როდესაც იგი ოპოზიციური პარტიის სააარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო, დააკავეს და წინასწარ პატიმრობაში დაუსაბუთებლად და კონსტიტუციის მოთხოვნათა დარღვევით 9 თვეზე მეტი ხანი დაჰყო.

აღსანიშნავია, რომ საბოლოო განაჩენის გამომტანი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებიდან, ორი სწორედ ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან გაუმჭვირვალე პროცესის შედეგად არის შერჩეული. ერთ-ერთი მათგანი ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი ადვოკატი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი და გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძეა. ცხადია, მისი მონაწილეობა პრობლემურია და გამოტანილი განაჩენის მიმართ უნდობლობას აჩენს.

იმ ფონზე, როდესაც გიგი უგულავას წინააღმდეგ გამოძიება 7 წლის წინ დაიწყო, ხოლო პარალელურად სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ რამდენიმე ოპოზიური პარტიის ლიდერის, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა მელიასა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმდინარეობს, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლების მხრიდან, სისხლისსამართლებრივი დევნა ოპონენტების წინააღმდეგ ზემოქმედების ბერკეტად გამოიყენება.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ დროში გაწელილმა გამოძიებამ და სასამართლო პროცესებმა საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკის სახე მიიღო. როგორც ჩანს, ხელისუფლება ამ მეთოდს საკუთარ ოპონენტებზე არაპირდაპირი ზეწოლის მიზნით, ეფექტიანად იყენებს. გიგი უგულავასთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდებაც შესაძლოა ერთგვარი გზავნილი იყოს სხვა ოპოზიციური ლიდერების მიმართ.

ბოლო პერიოდში საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები სულ უფრო ხშირად მიუთითებენ ქვეყანაში არსებულ შემაშფოთებელ ტენდენციებზე. საარჩევნო სისტემასთან ერთად, დასავლელი პარტნიორების განცხადებებში ყურადღება სასამართლოს და პროკურატურის დამოუკიდებლობის კუთხით არსებულ პრობლემებსა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე არის გამახვილებული. აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ უგულებელყო ქვეყნის ინტერესები და დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციები. ხელისუფლების ბოლოდროინდელი მოქმედებები ცალსახად ტოვებს ძალის დემონსტრირების შთაბეჭდილებას და ის სულ უფრო და უფრო შორდება პოლიტიკურ რაციონალურობას, რითიც მოსახლეობაში ნიჰილიზმისა და ქვეყნის იზოლაციის საფრთხეს ზრდის.

მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული ზოგადი კონტექსტისა და მოახლოებული საარჩევნო პერიოდის გათვალისწინებაც. იმ ფონზე, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზიდან გამოსვლის მიზნით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრება, ბუნებრივია, ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკების გაგრძელების სურვილზე არ მიუთითებს. მსგავსი გადაწყვეტილებები ხელს უწყობს ვითარების რადიკალიზებას და ამცირებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგისა და კონსტრუქციული ურთიერთობის რესურსს.

აღნიშნული ვითარება კიდევ ერთხელ ააშკარავებს სამართალდამცავი უწყებების პოლიტიზირებულების საკითხს. უზენაეს სასამართლოში გასული წლის მიწურულს განვითარებული მოვლენების ფონზე, ამ საქმეზე მიღებული განაჩენი ადასტურებს მართლმსაჯულების სისტემაზე ხელისუფლების გავლენას და შერჩევითი სამართლის ტენდენციებს. პროკურატურისა და სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიკერძოებულობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, კიდევ უფრო ამცირებს მოსახლეობის ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების და კანონის უზენაესობის მიმართ და უარყოფითად მოქმედებს წინასაარჩევნო გარემოზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ პარტიასა და ქვეყნის არაფორმალურ მმართველს - ბიძინა ივანიშვილს, შეწყვიტონ ოპონენტებისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელება, ხელი შეუწყონ პოლიტიკური კრიზისის კონსტრუქციულ რეჟიმში გადაწყვეტასა და პარტიული ინტერესების ნაცვლად, პრიორიტეტად მოსახლეობის და ქვეყნის განვითარების ინტერესები დაისახონ,” - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TIG)“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)“, „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“, „სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი“, „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“, „საზოგადოება და ბანკები“, „დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „ღია საზოგადოების ფონდი“, „მედიის განვითარების ფონდი“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო